თემურ ჯინჯოლია: „დღეისათვის ენგურჰესზე შეფერხების მიზეზი დადგენილია"

პუბლიკა

რუპ „ჩერნომორენერგოს“ გენერალურმა დირექტორმა თემურ ჯინჯოლიამ მედიასთან ენერგოსისტემაში წარმოქმნილ შეფერხებასთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ხარვეზი დაფიქსირდა ავტომატიკისა და ავარიის საწინააღმდეგო დაცვის სისტემებში.

დე ფაქტო აფხაზეთში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ოპერატორის „ჩერნომორენერგოს“ დირექტორის თქმით, 24 ივლისს, პირველი გათიშვის შემდეგ, ენგურჰესის ხელმძღვანელობამ ჩეხეთიდან და გერმანიიდან სპეციალისტები მოიწვია.

„პირველი მასშტაბური ელექტროენერგიის გათიშვების შემდეგ, ენგურჰესის ხელმძღვანელობამ მიიწვია ჩეხეთიდან და გერმანიიდან კონტრაქტორი ორგანიზაციები, რომლებიც ადრე სადგურის ავარიის საწინააღმდეგო დაცვისა და ავტომატიკის სისტემების გამართვაში მონაწილეობდნენ.

წინა დღეს უცხოელი სპეციალისტები სისტემის ტესტირებას ატარებდნენ გაუმართაობის მიზეზის გამოსავლენად. ტესტირების პროცესში ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკა განმეორებით ამოქმედდა, რამაც გამოიწვია ენგურჰესის ყველა გენერატორის ავტომატური გათიშვა და ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი შეწყვეტა.

დღეისათვის შეფერხების მიზეზი დადგენილია. ენგურჰესზე უკვე დაწყებულია ავტომატიკისა და ავარიის საწინააღმდეგო დაცვის სისტემებში არსებული ხარვეზის აღმოფხვრის სამუშაოები. ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის მოგვარების შემდეგ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდება”, – განაცხადა თემურ ჯინჯოლიამ გამოცემა АГТРК-სთან.

ჯინჯოლიას თქმით, შეფერხება გამოწვეულია გარემოებებით, რომლებიც „ჩერნომორენერგოსგან“ სრულიად დამოუკიდებელია, რადგან კომპანიის სპეციალისტები ენგურჰესის ავარიული დაცვის ავტომატური სისტემების მართვასა და გამართვაში მონაწილეობას არ იღებენ.

24 და 25 ივლისის შემდეგ, 5 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით დენი მესამედ გაითიშა, მათ შორის, გაითიშა ოკუპირებულ აფხაზეთშიც. სემეკის წევრის გიორგი ფანგანის პოსტით ცნობილი გახდა, რომ 5 აგვისტოს დენის მოსალოდნელ გათიშვაზე ინფორმაცია წინასწარ ჰქონდათ, თუმცა მოსახლეობა არ გაუფრთხილებიათ.

ფანგანი პოსტში წერდა, რომ ელექტროსისტემა ენგურჰესის აგრეგატებზე აწარმოებდა დაგეგმილ ტესტირებას, რომლის მიზანი წინა წყვეტების გათვალისწინებით სისტემაში არსებული სუსტი წერტილების გამოვლენა და შეფასება იყო.

სემეკის პირველადი დასკვნით, 24 ივლისს დენის გათიშვა იმან გამოიწვია, რომ საქართველოს ენერგოსისტემა აზერბაიჯანის ენერგოსისტემიდან გამოეყო და იზოლირებულ რეჟიმში დარჩა, დაიწყო სიხშირისა და ძაბვის ვარდნა, ელექტროსადგურებისა და მომხმარებლების ე.წ. კასკადური გამორთვა და ელექტროენერგია სრულად გაითიშა. ხოლო 25 ივლისის მიზეზად, „იმერეთის“ მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე ავარია დასახელდა.