საემიგრაციო პატიმრობაში მყოფი „ბათუმელი მედროშე“ თემურ ქათამაძე ითხოვს, რომელიმე ერთ დღეს საპატიმროდან თბილისის ცენტრში გასვლის უფლება მიეცეს, რათა საცოლეზე რელიგიური წესით იქორწინოს.
წერილში, რომელიც მისმა უფლებების დამცველმა ორგანიზაცია „საიამ” გაავრცელა, ქათამაძე წერს, რომ 2023 წლიდან თურქეთში მისი დაკავების ორდერია გაცემული, ამიტომ, თუ მას გააძევებენ, ქორწინებას ვერ შეძლებს.
„თურქეთში გაძევების შემთხვევაში იქ დაპატიმრება და ციხე მელოდება. ამ რეალობიდან გამომდინარე, 5 წელია მყავს საცოლე ნონა კაკულია, ამიტომ, თურქეთში გაძევებამდე, ნონა კაკულიასთან რელიგიური წესით ქორწინების დიდი სურვილი მაქვს. ჩემი თურქეთში გაძევების შემდეგ დიდი ალბათობით აღნიშნულის შანსი აღარ გვექნება. სამწუხაროდ, აღნიშნული რიტუალის მიგრაციის ცენტრში ჩატარების საშუალება მიგრაციის ადმინისტრაციამ არ მოგვცა.
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძვლით, თავშესაფრის მაძიებელი სტატუსის მქონე ეთნიკური ქართველის სახით, თქვენი სასამართლოსგან ვითხოვ, ჩემს საცოლესთან რელიგიური წესით ქორწინებისთვის, მომავალ ერთ სასურველ დღეს, მხოლოდ 3 საათით მიგრაციის ცენტრიდან ქალაქ თბილისში გასვლის უფლებას, აღნიშნული რიტუალის შესაბამის ეკლესიაში და მეჩეთში ჩატარებისთვის“, – წერს თემურ ქათამაძე წერილში.
თემურ ქათამაძე 11 იანვარს დააკავეს ბათუმში, საპროტესტო აქციაზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს.
იზოლატორის დატოვების შემდეგ, 16 იანვარს, ქათამაძე ისევ დააკავეს – ამჯერად მას საქართველოდან გაძევება ემუქრება. შსს-მ 16 იანვარსვე განაცხადა, რომ ქათამაძე დაკავებულია საიმიგრაციო კანონმდებლობის შესაბამისად — ქათამაძე მუჰაჯირების შთამომავალია.
„ბათუმელებთან” ინტერვიუში მან თქვა, რომ საქართველოში 2012 წლიდან ცხოვრობს და მიუხედავად ბევრი მცდელობისა, ჯერაც არ აქვს საქართველოს მოქალაქეობა.
თბილისის საქალაქო სასამართლო თემურ ქათამაძისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე 18 მარტს იმსჯელა და სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საერთაშორისო დაცვის მინიჭება გულისხმობს როგორც ლტოლვილის სტატუსს, ასევე ჰუმანიტარული ან დამატებითი დაცვის სტატუსს.
28 თებერვალს ქათამაძემ ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც ლაპარაკობს მიგრაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელების მხრიდან მუდმივ და მიზანმიმართულ ზეწოლაზე.
თემურ ქათამაძემ ორჯერ იშიმშილა – პირველად მან 48 დღე, მეორედ – 5 დღე.