„ბათუმელი მედროშე“, თემურ ქათამაძე გვიან ღამით თურქეთში გადაიყვანეს.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ (SJC) ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ქათამაძე თურქეთში გუშინ ღამით გადაიყვანეს. როგორც ის ამბობს, ჯერ არ აქვთ ინფორმაცია, ეს იყო ნებაყოფლობით ქვეყნის დატოვება, რისი უფლებაც ქათამაძეს ჰქონდა, თუ იძულებით გაძევება.
„ამას მალე გავიგებთ მიგრაციის დეპარტამენტთან ოფიციალური კომუნიკაციის შემდეგ. სწორედ გუშინ ღამის 12 საათზე გადიოდა მისთვის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვების ვადა და ამიტომ არ არის ცხადი, ბოლო წუთებში რა მექანიზმით მოხდა მისი გადაყვანა.
ჩვენ მისი ინტერესების დაცვას საერთაშორისო მექანიზმების დროებითი ღონისძიებების გამოყენებით ვცდილობდით და ჯერ კიდევ კომუნიკაციაში ვიყავით გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტთან ამ საქმეზე, როცა გადაყვანა ასე სწრაფად მოხდა.
თურქეთში ბატონი თემურის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას, როგორც კი დეტალებს გავიგებთ მოგაწვდით. ჩვენ გავაგრძელებთ მისი უფლებების დასაცავად ბრძოლას საერთაშორისო სასამართლოებში.
სამწუხაროდ, საერთაშორისო მექანიზმები ასეთი მყისიერი სიტუაციების მიმართ საკმარისად მოქნილი არ არის და ამაზე ცალკე პროფესიულად დავწერ. რუსეთის იმპერიამ აიძულა გადასახლება თემურის წინაპრებს, „ქართულმა ოცნებამ“ კი მუჰაჯირების მეოთხე შთამომავალს იგივე განაჩენი გამოუტანა – ვერ გახდები მოქალაქე, არ იმსახურებ აქ ცხოვრებასო და კოლონიური ტრავმა გაუმეორა. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს”, – წერს მიქელაძე.
თემურ ქათამაძის ცოლმა, ნინო კაკულიამ „ფორმულას” ეთერში თქვა, რომ ინფორმაცია მისი მეგობრისგან შეიტყო, რომელიც თურქეთში ცხოვრობს.
კაკულიას თქმით, თემურ ქათამაძეს ქალაქ ორდუში გადაიყვანენ, სადაც მასზე საქმეა აღძრული.
„ბოლოს თემური შაბათს ვნახე, უკვე მორალურად ემზადებოდა იმისთვის, რომ გააძევებდნენ. ორშაბათს დამირეკა და მთხოვა, რომ რამდენიმე საბუთი, იმ შემთხვევაში, თუ მას გაიყვანდნენ, სარფთან მიმეტანა. გუშინ იწურებოდა ნებაყოფლობით ქვეყნიდან გასვლის ვადა და ამ უფლებით ვერ ისარგებლებდა, რადგანაც მას ვალიდური დოკუმენტი არ გააჩნია – თურქულმა მხარემ მას 2020 წელს პასპორტი გაუუქმა. ვერ მოხერხდა ერთჯერადი დოკუმენტის დამზადებაც.
დილით შემატყობინა თურქეთში მცხოვრებმა ჩვენმა მეგობარმა, რომელთანაც მე მუდმივ კავშირში ვარ. მას თემურის თხოვნით დაუკავშირდნენ პოლიციიდან და შეატყობინეს, რომ ის თურქეთის ტერიტორიაზეა. დღეს აპირებდნენ ადვოკატები მასთან შესვლას, თუმცა ღამე მოუსწრიათ გაყვანა. […]
არის ქალაქ არდაღანში, გადაყვანილი იქნება ქალაქ ორდუში, სადაც არის აღძრული ის აბსურდული საქმე მის წინააღმდეგ და დაიწყება გამოკითხვა, გამოძიება“, – თქვა კაკულიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ „ბათუმელი მედროშე” ქვეყნიდან გააძევეს. „ოცნების” შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ ეს „კანონის სრული დაცვით” მოხდა.
„საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გაფარ ილმაზის ქვეყნიდან გაძევების ფაქტზე – ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მისი გაძევება მოხდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნული პირის საქმეზე სასამართლოს 8 სხვადასხვა ინსტანციაში ჩატარდა განხილვები და სასამართლომ სრულად გაიზიარა მიგრაციის დეპარტამენტის პოზიცია”, – თქვა დარახველიძემ.
თურქეთში დეპორტაციის შემთხვევაში თემურ ქათამაძეს პატიმრობა ემუქრება – „ბათუმელების” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის თურქეთში ფეტულა გიულენის ტერორისტულად გამოცხადებული მოძრაობის – FETO-ს წევრად მიიჩნევა.
„სოციალური სამართლიანობის ცენტრის” განცხადებით, მას შემდეგ, რაც „ბათუმელებმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ თემურ ქათამაძეს თურქეთში FETO-სთან კავშირის საბაბით პატიმრობა ემუქრება, ადვოკატმა შეძლო, ოფიციალურად მოეპოვებინა იქ მიმდინარე გამოძიების საქმის მასალები, რომლებიც ადასტურებს როგორც მის მიმართ დაწყებული გამოძიების ფაქტს, ასევე დაპატიმრებას ზემოხსენებული საფუძვლით.
SJC-ის თანახმად, საქმის მასალების მიხედვით, თემურ ქათამაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, რაც შეიარაღებულ ორგანიზაციაში წევრობას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან ათ წლამდე ვადით.
პრაქტიკაში სწორედ ამ მუხლის საფუძველზე მიმდინარეობს თურქეთში ფეთულა გიულენის მოძრაობის წევრების პოლიტიკური დევნა.
თემურ ქათამაძის საქმეზე ბოლო გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დიმიტრი გვრიტიშვილმა 2025 წლის 5 ივნისს მიიღო და არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც თემურ ქათამაძე ასაჩივრებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან მისი გაძევების შესახებ.
SJC-ს ცნობით, ამ გადაწყვეტილების შემდეგ თემურ ქათამაძეს ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებისთვის 5-დღიანი ვადა ჰქონდა, თუმცა იმის გამო, რომ მისი თურქეთის პასპორტი ვადაგასულია (და მას, პრაქტიკულად, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა აქვს), თემურ ქათამაძე ვერ სარგებლობს ამ უფლებით.
ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების საკითხთან დაკავშირებით „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ განცხადებით მიმართა შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტს და მოითხოვა, ოფიციალურად მოეწოდებინათ ინფორმაცია იმ დოკუმენტების შესახებ, რომელთა წარდგენაც აუცილებელია, საიმისოდ, რომ თემურ ქათამაძემ შეძლოს საქართველოს ნებაყოფლობით დატოვება იმ ქვეყნის მიმართულებით, სადაც თურქეთის რესპუბლიკის პირადობის მოწმობით შესვლა დასაშვებია.
ორგანიზაცია აცხადებს, რომ გეგმავს, გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები თემურ ქათამაძის უფლებების დასაცავად.