თენგიზ ცერცვაძე ინფიცირებულ პაციენტებში რემდესივირის გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე COVID-19-ის პაციენტებში მედიკამენტ რემდესივირის გამოყენებაზე განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ  1 მაისის გადაწყვეტილებით აშშ FDA-იმ მძიმედ მიმდინარე COVID-19-ით ჰოსპიტალიზებული პაციენტების სამკურნალოდ, კლინიკურ კვლევებში მყოფი მედიკამენტებიდან რეკომენდაცია მისცა მედიკამენტ რემდესივირის (Remdesivir) გამოყენებას.

“ანალოგიური რეკომენდაცია აშშ FDA-იმ ა.წ. 28 მარტის გადაწყვეტილებით კლინიკურ კვლევებში მყოფ კიდევ ერთ მედიკამენტ – ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) მისცა, რომელიც საქართველოში უკვე წარმატებულად გამოიყენება  COVID-19-ით პაციენტების სამკურნალოდ. ” –  ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 29 აპრილს აშშ-ს ნაციონალური ინსტიტუტების ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ინსტიტუტის (NIH/NIAID) დირექტორმა და დარგის ლიდერმა პროფესორმა ანტონი ფაუჩმა განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტის ხელმძღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო კლინიკური კვლევის ფარგლებში შესწავლილ იქნა რემდესივირის ეფექტიანობა COVID-19-ის სამკურნალოდ და წინასწარი მონაცემებით მიღებულია დამაიმედებელი შედეგები, კერძოდ რემდესივირით მკურნალობამ უზრუნველყო პაციენტთა გარკვეული ნაწილის შედარებით უფრო მოკლე დროში გამოჯანმრთელება.

“პროფესორმა Anthony Fauci-იმ ისიც აღნიშნა, რომ მედიკამენტი რემდესივირი შესაძლოა COVID-19-ით პაციენტების ძირითადი სამკურნალო საშუალება გახდეს.

შესაბამისად, აშშ FDA, სადღეისოდ არსებულ სამეცნიერო მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რემდესივირს COVID-19-ის სამკურნალო ეფექტიან მედიკამენტად მიიჩნევს. თუმცა ეს მაინც წინასწარი ვარაუდია და აღნიშნული მედიკამენტის რეალური ეფექტიანობის დადგენა და შესაბამისად მისი საბოლოოდ ოფიციალური დამტკიცება შესაძლებელი გახდება მიმდინარე სხვა მასშტაბური კლინიკური კვლევებით მიღებული შედეგების გაანალიზების შემდგომ.” – ნათქვამია განცხადებაში.