ტექნიკურ უნივერსიტეტში რექტორის გადადგომის მოთხოვნით რამდენიმე სტუდენტი შიმშილობას იწყებს

პუბლიკა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში რამდენიმე სტუდენტი რექტორის, დავით გურგენიძის გადადგომის მოთხოვნით, შიშილობას იწყებს. ამ წუთებში უნივერსიტეტის ფოიეში 10-მდე სტუდენტია შეკრებილი.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გამოვხატავთ პროტესტს ბატონი დავით გურგენიძესთან მიმართებაში, იქედან გამომდინარე რომ ის არის არაერთხელ ნასამართლები და არ იმსახურებს იმ ადგილს, სადაც ახლა არის. რეალურად, ჩვენ არაერთხელ მივმართეთ საბჭოს, მოგვივიდა პასუხი, რომ მისი ნასამართლეობის შესახებ იცოდნენ…. გადავდივარ პროტესტის უკიდურეს ფორმაზე – შიმშილზე და სანამ ეს ადამიანი არ დატოვებს თანამდებობას, იქამდე ვიქნები ამ შენობაში“, – აცხადებს „ტვ პირველის“ ეთერში პროტესტის მონაწილე ერთ-ერთი სტუდენტი.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ რექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, სტუდენტებს შეხვდეს და მათი პროტესტის მიზეზი მოისმინოს, თუმცა როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განგვიცხადეს, მათთვის უცნობი მიზეზით ჯერჯერობით სტუდენტებმა შეხვედრაზე უარი განაცხადეს.

უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ როდესაც დავით გურგენიძემ კენჭი იყარა რექტორის პოზიციაზე მისი ნასამართლეობა გაქარწყლებული იყო.

რექტორი განმარტავს, რომ მიმდინარე პროცესი დემოკრატიულია და ყველა ის ნასამართლეობა, რომელიც მას ჰქონდა, უკვე გაქარწყლებულია. ამის შესახებ კი მისი რექტორად არჩევისას ინფორმირებული იყო კომისია. ის აცხადებს, რომ  არ აპირებს თანამდებობის დატოვებას, ვიდრე არ ამოიწურება მისი უფლებამოსილება რექტორის თანამდებობაზე.

„ყველა ნასამართლეობა არის გაქარწყლებული, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ 2007-2009 წლებში ამის დოკუმენტური მასალა არსებობს, არსებობს ასევე სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე მუხლში უკვე გამართლებული ვარ მე და ჩემი პარტნიორები, ჩემი ოჯახის წევრები“, – განუცხადა ჟურნალისტებს რექტორმა დავით გურგენიძემ.