თეთრიწყაროს რაიონული ცენტრი ჩაიკეტა, საავადმყოფოში კი კარანტინი გამოცხადდა. ამის შესახებ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თეთრიწყაროს რაიონულ ცენტრში, ე.წ. საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყობა. მისი თქმით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 19 შემთხვევა დადასტურდა, მათგან 12 უშუალოდ თეთრიწყაროში.
„გუშინ ძალიან მასშტაბური და ინტენსიური ღონისძიებები გატარდა, გაძლიერებული შემადგენლობით იყო მუნიციპალიტეტში ჩასული ეპიდემიოლოგების ჯგუფი. აიღეს საკვლევი მასალა მედპერსონალისგან და იმ დადგენილი კონტაქტებიდან, რომლებიც ჩვენთან ერთად ერთობლივი ძალისხმევით იქნა გამოკვეთილი. ჩვენ იძულებული გავხდით, მიგვეღო გადამჭრელი ზომები და დავიწყეთ თეთრიწყაროს ადმინისტრაციული ცენტრის ჩაკეტვა. დაახლოებით 4 ბლოკ-პოსტი იქნება განთავსებული. მიმდინარეობს ეს სამუშაოები. მთლიანად მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში, წინწყაროში და გორთეთში არის ერთეული შემთხვევები და ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ გადავკეტოთ მთლიანად სოფლები, აქ თვითიზოლაციითა და მკაცრი კარანტინით მივიღებთ ყველა ზომას, რომ დაავადების შემდგომი გავრცელება თავიდან ავირიდოთ“, – ამბობს შოთა რეხვიაშვილმა.
დაახლოებით 20 დადებითი შემთხვევაა თეთრიწყაროში – იმნაძე
შსს-ს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის საფუძველზე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის რაიონულ ცენტრში, თეთრიწყაროში, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. რაიონული ცენტრის შესასვლელებსა და გასასვლელებში მოწყობილია საკონტროლო გამშვები პუნქტები.