აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თევდორე აბრამოვი სასამართლომ მტკიცებულებების არარსებობის გამო წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ ცნო, ის დარბაზიდანვე გათავისუფლდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა გამოაცხადა. მისი განმარტებით, მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო მიიღო გამამართლებელი განაჩენი.
22 წლის თევდორე აბრამოვი დეკემბერში დააკავეს. მას პროკურატურა 4.41548 გრამი MDMA-ის ფლობას ედავებოდა. ბრალი წარდგენილი ჰქონდა სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
აბრამოვი დანაშაულს არ აღიარებდა და ამბობდა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.
„პუბლიკა” გთავაზობთ მის საქმეზე მომზადებულ მასალებს:
- აბრამოვისგან ბიოლოგიური მასალის „მოტყუებით აღებაზე” | ბმული 1; ბმული 2;
- საქმის გამომძიებლის, ირაკლი გახარიას დაკითხვა | ბმული;
- ადვოკატი აბრამოვის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე | ბმული;
- პოლიციელ გიორგი თევდორაშვილის დაკითხვა | ვიდეო; ბმული;
- პოლიციელ ბექა წოწკოლაურის დაკითხვა |ბმული; ვიდეო;
- პოლიციელ გიორგი ქაჩლიშვილის დაკითხვა | ვიდეო;
- აბრამოვი ამბობდა, რომ „დალუქულ პაკეტზე“ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის | ბმული;
- ექიმი-ნარკოლოგის დაკითხვისა და კალიგრაფიული ექსპერტიზის შესახებ| ვიდეო;
- პროკურორის დასკვნითი სიტყვა | ბმული;
- ადვოკატის დასკვნითი სიტყვა | ვიდეო; ბმული;
- თევდორე აბრამოვის საბოლოო სიტყვა | ბმული;

აღსანიშნავია, რომ 6 აგვისტოს აქციების დროის ნარკოდანაშაულში ბრალდებული გიორგი ახობაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა უდანაშაულოდ ცნო და წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა.
მოგვიანებით სასამართლომ ახობაძის საქმეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავდა, რომ:
„სისხლის სამართლის საქმის არსებითად განხილვის შედეგად, სასამართლომ სათანადო სტანდარტის მტკიცებულებების არასაკმარისობის გამო გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი”, – წერია განცხადებაში.
მომდევნო დღეს, 7 აგვისტოს „ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ახობაძის საქმეზე განაცხადა:
„ვიდეო უნდა გადაეღოთ. ვიდეო რომ არ იყო გადებული, ამიტომ გაათავისუფლეს ახობაძე პატიმრობიდან… გამომდინარე იქიდან, რომ 100%-იანი არ იყო მტკიცებულებები, 1%-იც რომ რჩება, სასამართლო ვალდებულია, გაათავისუფლოს ადამიანი“…
ისევე როგორც ახობაძის, თევდორე აბრამოვის საქმეშიც ბრალდების მხარის მიერ არ იყო წარდგენილი ე.წ. ნეიტრალური მტკიცებულება, რაც ნარკოტიკის ფლობის ფაქტს დაადასტურებდა.