გამომცემა The Guardian წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი აბუ დაბიში, სასტუმროს ფოიეში დააკავეს, როცა ადგილობრივ ადვოკატთან შესახვედრად მიდიოდა.
The Guardian-ის თანახმად, ბაჩიაშვილი სასტუმროს ფოიეში ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის რვა წევრისგან შემდგარმა ჯგუფმა დააკავა, რის შემდეგაც დუბაის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და საქართველოში გასამგზავრებელ თვითმფრინავში ჩასვეს.
აბუ დაბი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქია.
14 მაისს „ქართული ოცნების” მთავრობამ დაადასტურა წინა დღეს მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე [UNWTO] ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვია და მხარს დაუჭერს არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა გაიწვიეს, ვინაიდან „ის სახელმწიფო ინტერესებს დაუპირისპირდა”. თუმცა, დამატებითი განმარტება „ოცნებას” არ გაუკეთებია.
თავად ზურაბ პოლოლიკაშვილი კობახიძის მისამართით სვამდა კითხვას, „რაში გაცვალეს მისი კანდიდატურა”.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყება წერს, რომ მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.
ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2 მარტს ქვეყანა დატოვა.
„ბიტკოინების საქმის“ გარდა გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე აქვს წარდგენილი. ერთი საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“. პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად; მეორე ბრალდება კი – საზღვრის უკანონო კვეთას.