ადვოკატი ბაჩიაშვილზე: როგორ მოხდა მისი დაკავება და გადმოყვანა, პროცესზე ისაუბრებს

პუბლიკა

განახლება: გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი „მტკვარი ჰესის” საქმეზე 28 მაისს უნდა გამართულიყო, თუმცა, 29 მაისამდე გადაიდო. 

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ადვოკატმა მოინახულა.

ლევან მახაშვილმა მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ დაკავების დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს, რადგან ბაჩიაშვილის სურვილია, რომ ხვალინდელ სასამართლო პროცესზე თავად გააკეთოს განცხადება.

„გიორგის არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც ნორმალურია, ზედაპირულად რაც შემიძლია გითხრათ. დანარჩენ დეტალებთან დაკავშირებით, როგორ მოხდა მისი დაკავება, გადმოყვანა საქართველოში და ასე შემდეგ, მან გამოთქვა სურვილი, რომ ისაუბროს თავად სასამართლო პროცესზე“, – თქვა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა „ტვ პირველთან“.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, გიორგი ბაჩიაშვილი 26 მაისს დააკავეს. უწყება წერს, რომ მათთვის „ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა“.

ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე“ გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

4 მარტს ბაჩიაშვილმა განაცხადა, რომ 2 მარტს ქვეყანა დატოვა.

„ბიტკოინების საქმის“ გარდა გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კიდევ 2 საქმეზე აქვს წარდგენილი. ერთი საქმე ეხება „მტკვარი ჰესს“.  პროკურატურის მტკიცებით, ბაჩიაშვილმა არაეფექტიანად მართა საინვესტიციო პროექტები და აქტივები, არ მიიღო ზომები რისკების აღმოსაფხვრელად; მეორე ბრალდება კი – საზღვრის უკანონო კვეთას.