გამოცემა The Hill წერს, რომ პრეზიდენტი ბაიდენი მასობრივი საპროტესტო აქციების წინააღმდეგ მთავრობის მხრიდან განხორციელებული რეპრესიების ფონზე საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ სავიზო შეზღუდვებს ამზადებს.
მედია ამ საკითხზე დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ადმინისტრაცია ხუთშაბათს, სავარაუდოდ, რამდენიმე სავიზო შეზღუდვის შესახებ გამოაცხადებს.
მათი ცნობით, სანქციები შეეხება იმ პირებსა და მათ ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საარჩევნო პროცესისთვის ძირის გამოთხრაში. მედიის განცხადებით, როგორც წესი, ამ სანქციების დაქვემდებარებაში მყოფი პირების სახელები საჯაროდ არ ქვეყნდება.
5 დეკემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატები დამატებითი ზომების მისაღებად ემზადება, მათ შორის ის საუბრობდა სანქციებზე.
11 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმაც გაიმეორა ბლინკენის განცხადება და აღნიშნა, რომ საზოგადოება უნდა დაელოდოს რა ტიპის სანქციები იქნება და ვის მიემართება.