The Washington Post-ის წყაროების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარში აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა რაბინის, შნეორ სიგალის მკვლელობის მცდელობა, რომელსაც ირანთან კავშირში მყოფი პირები გეგმავდნენ.
გამოცემის თანახმად, 2024 წლის შემოდგომაზე ირანის ელიტური „ყუდსის ძალების” ოფიცერი შეხვდა აგილ ასლანოვს, ნარკოტიკებით მოვაჭრეს საქართველოდან. ოფიცერმა მას აზერბაიჯანში მოღვაწე ებრაელი რაბინის ფოტო და მისი მოკვლის ინსტრუქცია გადასცა. ასლანოვს მკვლელობის სანაცვლოდ $200 000 უნდა მიეღო.
გეგმა, რომელიც აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა აღკვეთა, ასევე გულისხმობდა თავდასხმას საგანმანათლებლო ცენტრზე.
ასლანოვი და მისი ადგილობრივი თანამზრახველი დააკავეს და ბრალი ტერორისტული აქტის მომზადებისთვის წარუდგინეს. მაშინ აზერბაიჯანის ხელისუფლებას არ უთქვამს, ვინ იყო თავდასხმის მთავარი სამიზნე.
თავად შნეორ სიგალმა The Washington Post-ს უთხრა, რომ მან მისი მოკვლის გეგმისა და 2 ადამიანის დაკავების შესახებ აზერბაიჯანული პრესიდან შეიტყო. მისივე თქმით, აზერბაიჯანში თავი უსაფრთხოდ იგრძნო.
„ჩვენ აქ მშვიდობიანად ვცხოვრობთ. მე ქუჩაში ფეხით დავდივარ და არ მეშინია”. – ამბობს რაბინი.
გამოცემის თანახმად, უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებმა მას კონფიდენციალურ ინტერვიუში უთხრეს, რომ ირანის ხელისუფლება ხშირად იყენებს მარიონეტებს მკვლელობების დაგეგმვისას და რომ ეს არის მისი კამპანიის ნაწილი, რომელიც მიმართულია ებრაული და ირანული დიასპორის წინააღმდეგ მთელს მსოფლიოში.
The Washington Post რესპონდენტებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ რაბინის მკვლელობის მცდელობა არ არის ირანის მიერ დაგეგმილი პირველი თავდასხმა აზერბაიჯანში – 2023 წელს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი, ფაზილ მუსტაფა მკვლელობის მცდელობას გადაურჩა – მას კალაშნიკოვიდან ესროლეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოგვიანებით ინციდენტი ტერორისტულ თავდასხმად შეაფასა და თითი ირანისკენ გაიშვირა. უწყების განცხადებით, თავდასხმის მიზეზი გახდა მუსტაფას კრიტიკა თეირანის მიმართ.
გამოცემა წერს, რომ ირანი და აზერბაიჯანი, მიუხედავად იმისა, რომ აქვთ საერთო საზღვარი და აკავშირებთ ისტორიული და ეთნიკური კავშირები, დიდი ხანია, ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან თეირანის მიერ სომხეთის მხარდაჭერის გამო.