TI: 6 საქმე, რომელშიც ფარცხალაძე ფიგურირებს და დღემდე ეფექტიანი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო აქტივების კონტროლის სახაზინო სამსახურის (OFAC) დეპარტამენტმა რუსეთთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა. მათ შორის არის საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც მოცემულია ცნობები ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რა გახდა მისი სანქცირების მიზეზი, რა კავშირები აქვს რუსეთსა და საქართველოში და რა სავარაუდო სასჯელები დაეკისრებოდა მას „სამართალდამცავებისგან ხელშეუხებლობის იმუნიტეტით რომ არ სარგებლობდეს.“

მიმოხილვიდან გთავაზობთ იმ ქვეთავს, რომელიც აღწერს საქმეებს, რომლებშიც ოთარ ფარცხალაძე ფიგურირებდა. ორგანიზაციის შეფასებით, „დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემის არსებობის შემთხვევაში, ოთარ ფარცხალაძის მიმართ შესაბამისი პასუხისმგებლობა არაერთ საქმეზე უნდა დამდგარიყო. მართალია ამ საქმეების ნაწილზე გამოძიება დაიწყო და სხვადასხვა ფორმით გაგრძელდა, თუმცა დღემდე, არცერთ მათგანს ეფექტიანი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.“

„ლევან ყიფიანის გატაცების და მასზე ფიზიკური თავდასხმის საქმე

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. ამ საქმეში სულ ცოტა  სისხლის სამართლის 2 დანაშაული იკვეთება. კერძოდ: მუხლი 143 – თავისუფლების უკანონო აღკვეთა, რაც ითვალისწინებს პატიმრობას ორიდან ოთხ წლამდე და მუხლი 181 – გამოძალვა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

მთავარ პროკურორად დანიშვნის დროს ყალბი დიპლომის წარდგენის ფაქტი

ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორობის პერიოდში გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 1976 წელს დაბადებულმა ფარცხალაძემ სკოლა 15 წლის ასაკში, ხოლო უნივერსიტეტი 19 წლის ასაკში დაამთავრა. ამასთან მან საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს ჩააბარა და 1995 წელს სამართალმცოდნეობის სპეციალობით დაამთავრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირკვევა, რომ საქართველოს ღია ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში 1991 წელს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი არ არსებობდა და ის 1992 წლის 2 ივნისს განათლების სამინისტროს ნებართვის საფუძველზე შეიქმნა. ყალბი დოკუმენტის გამოყენება სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.

მოქმედ გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტი

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რომელიც ძალადობას გულისხმობს და რომლის მაქსიმალური სასჯელი არის თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. კონსტიტუციური ორგანოს ხელმძღვანელის მიმართ, სავარაუდოდ ამ ორგანოს საქმიანობასთან კავშირში, ჩადენილი ძალადობრივი აქტი არ შეიძლებოდა დაკვალიფიცირებულიყო როგორც რიგითი ცემის ან ძალადობის შემთხვევა. მნიშვნელოვანი იყო, რომ დანაშაულის კვალიფიკაცია ისეთი ნიშნების შემცველი ყოფილიყო, რაც მმართველობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის არის დამახასიათებელი, კერძოდ ძალადობას ხელისუფლების წარმომადგენელზე, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირში. სისხლის სამართლის კოდექსის  3531​ მუხლი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-იდან 7 წლამდე.

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ეპიზოდი

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ეპიზოდი

სამართალდამცავი უწყებების დამოუკიდებლად ფუნქციონირების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე საქმე სულ ცოტა 319-ე მუხლით უნდა აღიძრას, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 7-დან 15 წლამდე.

სახელმწიფოს მიტაცება კორუფციის უმძიმესი ფორმაა, როდესაც კონკრეტული პირი ან პირთა ჯგუფი ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების ან კონკრეტული სფეროს მიტაცებას და ამით ცალსახად ხელს უშლის ქვეყანაში დემოკრატიულ განვითარებას. საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცებისა და ამ პროცესის შედეგად სარგებლის მიღების ერთ-ერთი მკაფიო მაგალითია სწორედ ოთარ ფარცხალაძის საქმიანობა, გამდიდრება და კანონის მოთხოვნების იგნორირება. სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დაუსჯელობა და მისთვის სასათბურე პირობების შექმნა ხაზს უსვამს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მას ბიძინა ივანიშვილის გარემოცვაში. მართლმსაჯულების სისტემის მიტაცების გარეშე, ამ ოდენობისა და სიმძიმის სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ სამართალდამცავთა უმოქმედობა შეუძლებელი იქნებოდა.“

 

ოთარ ფარცხალაძისტვის დაწესებული სანქციები სანქციები გულისხმობს, რომ:

  • ოთარ ფარცხალაძეს ეკრძალება, მიიღოს: ნებისმიერი სახის ქონება და საკუთრება ან საკუთრების წილი, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, ეკუთვნის ან აკონტროლებს აშშ-ის მოქალაქე, ან მომავალში ექნება ან გააკონტროლებს მას. შეუძლებელია მისთვის რამის გადახდა, ტრანსფერი და სარგებლის ნებისმიერი სხვა ფორმით გადაცემა.
  • იკრძალება მისთვის თანხის, საქონლის, ან სერვისების მიწოდება. შესაბამისად, იკრძალება მისგან თანხის, საქონლის, ან სერვისების მიღება.
  • ეკრძალება შესვლა აშშ-ის ტერიტორიაზე. გამონაკლისი დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ან საშინაო უსაფრთხოების მდივანი დაადგენს, რომ მისი ქვეყანაში შესვლა აშშ-ის ინტერესებს არ შეეწინააღმდეგება.
  • აკრძალულია ნებისმიერი გარიგება, რომელიც სანქცირებულ პირს დაეხმარება სანქციებისთვის თავის არიდებასა და დადგენილი ნორმების დარღვევაში.

აშშ-მა მიუთითა, რომ ოთარ ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია.

სანქციები შეეხო ალექსანდრ ონიშენკოს, რომელიც პრორუსი უკრაინელი პოლიტიკოსია, დაკავშირებულია უკრაინის ყოფილ პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან და არის FSB-ის ოფიცერი.

აშშ-ის განცხადებით: „ალექსანდრ ონიშენკომ და რუსულმა FSB-მ გამოიყენეს ფარცხალაძე, რათა გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე, რუსეთის საკეთილდღეოდ. სავარაუდოდ, ფარცხალაძემ პირადად ისარგებლა თავისი კავშირით FSB-სთან“.