TI: აშშ-ის სანქციების შემდეგ ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ აქვეყნებს განცხადებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ოფშორული აქტივების საქართველოში გადმოტანა დაიწყო და გადმოფორმების პროცესი ბოლო დღეებში გააქტიურდა. ორგანიზაციის თქმით, სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან სრულად გადმოაფორმებს.

2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა. რამდენიმე დღეში, 31 დეკემბერს, ივანიშვილების ოჯახმა საკუთარი კომპანიების ოფშორული ზონებიდან საქართველოში გადმოტანა დაიწყო.

TI-ის ინფორმაციით, 29 იანვრის მდგომარეობით, ივანიშვილების ოჯახმა საქართველოში 8 ახალი სააქციო საზოგადოება დაარეგისტრირა, ოფშორული კომპანიებიდან ქართულ კომპანიებზე 12 კომპანია გადმოიტანა და ამ გზით 4 ოფშორული კომპანია „გაასუფთავა“.

ორგანიზაციის ცნობით, გადაფორმებები ეხება ივანიშვილების ოჯახის იმ კომპანიებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი საწესდებო კაპიტალი უფიქსირდებათ და ჯამში განთავსებული კაპიტალი 163,187,800 ლარს შეადგენს.

„მედიაში უკვე გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 20 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილმა, მისმა მეუღლემ, ეკატერინა ხვედელიძემ და შვილმა, უტა ივანიშვილმა, დაარეგისტრირეს 4 ახალი სააქციო საზოგადოება: სს „ატუ ჰოლდინგი“, სს „ტერა“, სს „ლუსოლი“ და სს „ჯი სი ეფ საქართველო“. ამ კომპანიებზე მათ დაიწყეს იმ ქართული კომპანიების გადმოფორმება, რომლებსაც მანამდე ოფშორული კომპანიების გავლით ფლობდნენ.

გადმოფორმების ეს პროცესი ბოლო დღეებში განსაკუთრებით გააქტიურდა. სავარაუდოა, რომ ამ პროცესის ბოლოს ივანიშვილების ოჯახი სრულად გადმოაფორმებს თავიანთ ქართულ კომპანიებს ოფშორებიდან.

29 იანვრის მდგომარეობით, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა უფროსმა შვილმა უტა ივანიშვილმა 4 ოფშორული კომპანიიდან სრულად გადმოიტანეს კომპანიები საქართველოში: 1) Visalia Enterprises Limited (ბელიზი) 2) Gilmar Holding Limited (ბელიზი) 3) Fresno Management Limited (ბელიზი) 4) Limestone Finance International SA (პანამა)“, — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო.

TI-ის ცნობით, კომპანიების გადაფორმებისას ივანიშვილების ოჯახი დიდი ალბათობით სარგებლობს იმ საგადასახადო შეღავათებით, რაც ჯერ კიდევ 2024 წლის გაზაფხულზე დაწესდა ე.წ. „ოფშორული კანონით“. 2024 წლის აპრილში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წერდა, რომ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები, სავარაუდოდ, სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს იყო მორგებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ასევე აქვეყნებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შემდგომ მოქმედებებს:

31 დეკემბერი 2024: ბიძინა ივანიშვილის უფროსმა შვილმა, უტა ივანიშვილმა, სს „ატუ ჰოლდინგი“ დაარეგისტრირა.

22 იანვარს ბიძინა ივანიშვილმა, საკუთარი ოფშორული კომპანიიდან Visalia Enterprises Limited (ბელიზში რეგისტრირებული კომპანია), უტა ივანიშვილს უსასყიდლოდ გადასცა ოლიგარქის შუშის სასახლის ნაწილის მფლობელი კომპანია შპს „ფინსერვის XXI“. 24 იანვარს, უტა ივანიშვილმა ეს კომპანია გადასცა მის ახლად დარეგისტრირებულ კომპანია სს „ატუ ჰოლდინგს“.

28 იანვარს „ატუ ჰოლდინგს“ ბელიზზე რეგისტრირებული ოფშორული კომპანიიდან Fresno Management Limited უსასყიდლოდ გადაეცა 3 შპს: შპს „ინტერ კონსალტინგ +“, შპს „ქართუ მშენებელი“ და შპს „ქართუ მენეჯმენტი“.

31 დეკემბერი 2024: შპს „ტერა“, რომლის ერთადერთი მფლობელი ბიძინა ივანიშვილია, სააქციო საზოგადოებად რეორგანიზდა. 2025 წლის 17 იანვარს, სს „ტერამ“ ივანიშვილის მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიიდან (Limestone Finance International SA, რეგისტრირებული პანამაში), 7 კომპანია უსასყიდლოდ გადმოიფორმა:

  • შპს „სანაპიროს ხედი“
  • შპს „ახალი კაპიტალი“
  • შპს „ინვესტ კაპიტალი“
  • შპს „ქართუ კონსალტინგი“
  • შპს „აბასთუმანი 2019“
  • შპს „ბლექ სი არენა“
  • შპს „ჯეოფერტ

20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძემ ოფშორული კომპანიის (GCF Luxembourg SARL) გავლით მის საკუთრებაში არსებული 4 ქართული შპს სააქციო საზოგადოებად გადააკეთა:

  • სს „ქართული აგრო სახლი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 2 700 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 684 000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გრინჰაუს ჰოლდინგი“.
  • სს „გეოაგრო“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 40 000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 31 608,130 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „აგრო ჰოლდინგი“.
  • სს „გალერია თბილისი“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 68 000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 17 000 000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „გალერია ჰოლდინგი“.
  • სს „სიშორ“: კომპანიის განთავსებული კაპიტალი შეადგენს 20,000,000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი — 5 817 000 ლარს. კომპანიის მფლობელია შპს „რიზორთ ჰოლდინგი“.

20 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ლუსოლი“.

27 იანვარი 2025: ეკატერინა ხვედელიძის მფლობელობაში საქართველოში დარეგისტრირდა სს „ჯი სი ეფ საქართველო“.

28 იანვარი 2025: უტა ივანიშვილმა საკუთარ მფლობელობაში უსასყიდლოდ გადმოიფორმა შპს „ქართული ჰოლდინგი“, რომელიც მანამდე უტას ბელიზში რეგისტრირებულ ოფშორულ კომპანია Gilmar Holding Limited-ს ეკუთვნოდა. კომპანიის კაპიტალი შეადგენს 32 087 800 ლარს“, — წერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“.

20 იანვარს, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ განაცხადა, რომ ივანიშვილი კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს, Julius Baer-ს უჩივის. კალანდაძის განცხადების თანახმად, სამართლებრივი დავის საგანია ბანკის მხრიდან დაკისრებული ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა. ადვოკატი მიუთითებს, რომ აშშ-ის მიერ პირადად ბიძინა ივანიშვილზე დაწესებული სანქცია რეალურად მის ოჯახის წევრებსაც შეეხო და Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს.