TI: ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს

პუბლიკა

,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო 2023 წლის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს მალავს, რითაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონს პირდაპირ არღვევს.

TI-ს განცხადებით, ანტიკორუფციული ბიურო მონიტორინგის შედეგს 720 თანამდებობის პირის დეკლარაციაზე არ ასაჯაროვებს და მალავს ინფორმაციას, თუ რა შედეგით დასრულდა მონიტორინგი თითოეულთან მიმართებით.

,,ანტიკორუფციული ბიურო 2022 წელს ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების საფუძვლით შეიქმნა, რომელმაც ნაცვლად იმისა, რომ გაეუმჯობესებინა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი პრევენცია, მკვეთრად გააუარესა თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგისა და გამჭვირვალობის სტანდარტი. ანტიკორუფციული ბიურო არღვევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისკანონს და არ ასაჯაროებს თანამდებობის პირთა დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს”, – ნათქვამია TI-ს განცხადებაში.

არასამთვრობო ორგანიზაციის განცხადებით, ,,კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნით,[1]  თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად ყოველი წლის ბოლოს უნდა გამოქვეყნდეს.

საქართველოში დეკლარაციების მონიტორინგის ვალდებულება 2017 წლიდან ამოქმედდა და 2017-2022 წლებში მის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყება საჯარო სამსახურის ბიურო, ყოველი წლის 31 დეკემბერს პროაქტიულად აქვეყნებდა მონიტორინგის შედეგებს.

„კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2023 წლის 1 სექტემბრიდან დეკლარაციების მონიტორინგზე პასუხისმგებელი უწყება ანტიკორუფციული ბიურო გახდა. კანონის მოთხოვნის მიუხედავად, ანტიკორუფციულმა ბიურომ დეკლარაციების მონიტორინგის შედეგები პროაქტიულად 2023 წლის ბოლოს არ გამოაქვეყნა. უფრო მეტიც, ბიუროს შედეგები ამ დრომდე არ გაუსაჯაროებია. ანტიკორუფციული ბიუროს განცხადებით,[2] 2023 წელს განხორციელებული ქონებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგები უწყების 2023 წლის საქმიანობის ანგარიშშია წარმოდგენილი,[3] რაც არ შეესაბამება სიმართლეს”.

TI-ს განცხადებით, 2023 წელს მონიტორინგს დაექვემდებარა ირაკლი ღარიბაშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი შოთაძისა და მისი მოადგილეების, გრიგოლ  ლილუაშვილისა და მისი მოადგილეების, პარლამენტის წევრების, მათ შორის შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის, ანრი ოხანაშვილის, დიმიტრი სამხარაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, დიმიტრი ხუნდაძის, ნინო წილოსანის, მიხეილ ყაველაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ბექა ოდიშარიას დეკლარაციები.

ასევე, მოსამართლეების, მათ შორის შალვა თადუმაძის, ლევან მურუსიძის, მიხეილ ჩინჩალაძის, დიმიტრი გვრიტიშვილის, ვასილ მშვენიერაძის დეკლარაციები. ბიურომ არ გაასაჯაროვა ინფორმაცია აღმოაჩინა თუ არა დარღვევები ამ თანამდებობის პირთა დეკლარაციებში, თუ აღმოაჩინა, რა დარღვევები ჰქონდათ და საპასუხოდ, რა ტიპის სანქცია გამოიყენა (გაფრთხილება თუ დაჯარიმება).