TI: დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დეკლარაციაში 6 უძრავ ქონებასა და ხელფასს მალავს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) ინფორმაციით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით იოსებაშვილმა ქონებრივ დეკლარაციაში არ მიუთითა თანამდებობიდან მიღებული შემოსავალი და მისი მეუღლის სახელზე უძრავი ქონება.

TI-ის ცნობით, იოსებაშვილსა და მის მეუღლეს, ნანა კეჩხუაშვილს ეკუთვნით 6 ერთეული დაუდეკლარირებელი უძრავი ქონება:

  1. ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე – 40.0 კვ.მ (საკუთრება)
  2. ბინა თბილისში, ემუხვარის ქუჩაზე – 95.50 კვ.მ (საკუთრება)
  3. ბინა გორში, ნადირაძის ქუჩაზე – 71.90 კვ.მ (საკუთრება)
  4. მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა – 13,033 კვ.. (საკუთრება)
  5. მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა – 4,047 კვ.მ. (თანასაკუთრება)
  6. მიწის ნაკვეთი გორში, სოფელი ძევერა – 2,097 კვ.მ. (თანასაკუთრება)

„დაცული ტერიტორიების სააგენტო გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ-ია. იოსებაშვილი სსიპ-ის თავმჯდომარის პოზიციაზე, 2021 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე ის სამი წლის განმავლობაში, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს იოსებაშვილის დეკლარაციაში გამოვლენილი დარღვევები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, – ნათქვამია განცხადებაში.