TI: „ელექტროსისტემაში“ ზარდიაშვილსა და სასამართლო კლანთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) წერს, რომ მათ სახელმწიფო ელექტროსისტემაში სავარაუდო ნეპოტიზმისა და ფავორიტიზმის შემთხვევები გამოავლინეს. სავარაუდო ნეპოტიზმი „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატს და სასამართლოს ე.წ. კლანთან დაახლოებულ ვანო ზარდიაშვილს უკავშირდება.

TI-ის მიხედვით, სახელმწიფო ელექტროსისტემაში ხელისუფლებასთან და სასამართლოს ე.წ. კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის, ვანო ზარდიაშვილის რძალი, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი და დეპუტატ ანრი ოხანაშვილის მამა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია წერს, ვანო ზარდიაშვილი სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრი და დირექტორია იურიდიულ, გარემოს დაცვის, სოციალურ და ნებართვების საკითხებში. მის დაქვემდებარებში ორი დეპარტამენტია.

„ამ ორ დეპარტამენტში ზარდიაშვილთან, ხელისუფლებასთან და სასამართლოს კლანის წარმომადგენლებთან დაკავშირებული 6 ადამიანია დასაქმებული.

1.  თამთა თაბუკაშვილი – ვანო ზარდიაშვილის რძალი

თამთა თაბუკაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი ვანო ზარდიაშვილის ცოლის, თინათინ აბრალავას ძმის, გრიგოლ აბრალავას, ცოლია.

2.  გიორგი კიკნაძ – ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი

გიორგი კიკნაძე სახელმწიფო ელექტროსისტემაში დირექტორის, ვანო ზარდიაშვილის მოადგილეა. როგორც ცნობილია, ვანო ზარდიაშვილი  გიორგი კიკნაძის შვილის ნათლიაა.

3. გიორგი კვარაია – ვანო ზარდიაშვილის ოჯახის ახლობელი და ნათესავი

გიორგი კვარაია სახელმწიფო ელექტროსისტემაში გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული.

4. სალომე დათუაშვილი-გვრიტიშვილი – გავლენიანი მოსამართლის, თბილისის სააპელაცო სასამართლოს მოსამართლისა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის ცოლი;

სალომე დათუაშვილი გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული. იგი საერთაშორისო პროექტების კოორდინატორია.

5. ნიკა მიქაუტაძე – გავლენიანი მოსამართლის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის  გიორგი მიქაუტაძის ბიძაშვილი

გიორგი მიქაუტაძე და ვანო ზარდიაშვილი კურსელები და ახლო მეგობრები არიან. გიორგი მიქაუტაძე ერთ-ერთი იყო იმ გავლენიან მოსამართლეთა შორის, რომლებიც ზარდიაშვილს პარლამენტის ეზოს სკვერში ხვდებოდა. როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი ნიკა მიქაუტაძე, გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული, იგი სოციალური საკითხების მართვის სამსახურის უფროსია.

6. გელა ოხანაშვილი – საქართველოს პარლამენტის წევრის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის მამა;

როგორც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის“ გახდა ცნობილი, იგი  გარემოს დაცვის, სოციალური საკითხებისა და ნებართვების დეპარტამენტშია დასაქმებული“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციის მოკვლევაში.

ვინ არის ვანო ზარდიაშვილი?

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ინფორმაციით, ვანო ზარდიაშვილი სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა წინა ხელისუფლების პერიოდშიც, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი მუშაობდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში, 2016 წელს გახდა პარლამენტის დეპუტატი.

2019 წელს მანდატი შეუწყდა და თავდაპირველად სახელმწიფო შპს-ს ენერგოტრანსის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. იქ თვენახევარში ზარდიაშვილის 22 307 ლარი აიღო ხელფასის სახით. 2020 წელს კი ენერგოტრანსი საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას შეუერთდა და ზარდიაშვილმაც იქ განაგრძო მუშაობა.

TI-ის მიხედვით, 2013-2019 წლებში ვანო ზარდიაშვილის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ პერიოდში ზარდიაშვილმა დაახლოებით 1 000 000 ლარის ღირებულების ქონება შეიძინა, მაშინ, როდესაც მისი და მისი მეუღლის წლიური შემოსავალი ჯამში დაახლოებით 100 000 ლარი იყო.

„ვანო ზარდიაშვილი წლების განმავლობაში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გავლენიან მოსამართლეებსა და ხელისუფლებას შორის საკონტაქტო პირად მიიჩნეოდა. იგი ყველაზე გავლენიანი მოსამართლის მიხეილ ჩინჩალაძის ახლო მეგობარია“, – წერს TI.