TI მოუწოდებს პარლამენტს, მხარი არ დაუჭიროს პარტიების დაფინანსების და რეგისტრაციის წესის ცვლილების კანონპროექტებს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ (TI) პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები დაფინანსებისა და უფასო სარეკლამო დროის, ასევე, პარტიებისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების წესების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს აფასებს და აცხადებს, რომ ისინი დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.

„მიგვაჩნია, რომ პარტიების დაფინანსების წესის წარმოდგენილი ცვლილების ძირითადი ნაწილი ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მიერ პარტიების დაფინანსების ევროპულ სტანდარტებს და არალეგიტიმური საფუძვლით მძიმე დარტყმას მიაყენებს ოპოზიციური პარტიების ფინანსურ მდგომარეობას, რაც უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პლურალიზმზე და კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოზე. ამასთანავე, არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება არაპროპორციულად მძიმე სანქციაა და ატარებს მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების დიდ საფრთხეს“, – წერს ორგანიზაცია.

TI დეტალურად მიმოიხილავს, რა ხარვეზებს ხედავს კანოპროექტებში.

პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება

„პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებისთვის ფინანსური სახსრები უმნიშვნელოვანესი საფუძველია, შეიძლება ითქვას, რომ ის პარტიის ქმედუნარიანობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. საქართველოში, კი ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაფინანსების მოპოვება კერძო წყაროებიდან განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, არასახელისუფლებო პარტიების წლიური შემოსავლების უდიდესი წილს სახელმწიფო დაფინანსება წარმოადგენს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ: „პოლიტიკური პარტიების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება მიზნად ისახავს კორუფციის პრევენციასა და პარტიების მიერ კერძო დონორებზე გადამეტებული დამოკიდებულების თავიდან აცილებას. აღნიშნულიდან გამომდინარეობს ის, რომ მოცემული დაფინანსება გამიზნულია პოლიტიკური პლურალიზმის გასაძლიერებლად და ხელს უწყობს დემოკრატიული ინსტიტუტების ჯეროვან ფუნქციონირებას.“ სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება მძიმე დარტყმა იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის, რაც, შესაბამისად, უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პლურალიზმზე და კიდევ უფრო არაკონკურენტულს გახდის პოლიტიკურ გარემოს.

…საკანონდებლო ინიციატივა, ასევე, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, სადაც სახელმწიფო დაფინანსების მიღება და საპარლამენტო მანდატის მოპოვება ერთმანეთთან დაუკავშირებელ ინსტრუმენტადაა განხილული, 2010 წელს ეუთო/ოდირ-თან ერთად გამოქვეყნებულ რეკომენდაციაში ნათქვამია: „[…] პოლიტიკური პლურალიზმის ინტერესები მოითხოვს, რომ სახელმწიფო დაფინანსების ზღურბლი საპარლამენტო მანდატების მოსაპოვებლად საჭირო ბარიერთან შედარებით უფრო დაბალი იყოს”. დაფინანსებისა მიღებასა და საპარლამენტო მანდატების მოპოვებას შორის კავშირის არ არსებობა ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა ევროპის საბჭოს ქვეყნების მასშტაბით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ზემოთ უკვე ნახსენებ გადაწყვეტილებაში (ÖDP) v. TURKEY აღნიშნავს: „თურქეთის გარდა სხვა წევრ სახელმწიფოებში იმისათვის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ მიიღოს საჯარო დაფინანსება, ხმათა მინიმალური ხვედრითი წილი მერყეობს წინა არჩევნებში მიცემულ ხმათა 0.5%-დან 5%-მდე და ხშირად იმ საარჩევნო ზღვარზე ნაკლებია, რაც დაწესებულია პარლამენტში ადგილების მოსაპოვებლად. შესაბამისად, პარლამენტში წარმოდგენილ პარტიებთან ერთად, ახალ პოლიტიკურ პარტიებსაც, რომელთაც გააჩნიათ მოქალაქეთა მინიმალური მხარდაჭერა, ეძლევათ საჯარო დაფინანსება მათ მიერ წინა არჩევნებზე მოპოვებული ხმების პროპორციულად.“

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ისტორიაში ერთხელ უკვე იყო შემთხვევა, როდესაც 2008 წელს საპარლამენტო არჩევნების არაღიარებისა და საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარის გამო, ოპოზიციურ პარტიებს საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოერთვა სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება. მაშინ ეს ცვლილება უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ეს იყო პირდაპირი დარტყმა დემოკრატიის განვითარებასა და პლურალიზმზე. საკუთარ წიგნში ამ ცვლილებას მაშინ, ასევე, უარყოფითად აფასებდა „ქართული ოცნების” ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. მწვავე კრიტიკის გამო, აღნიშნული ცვლილება იმავე წელსვე გააუქმა პარლამენტმა.

საარჩევნო სუბიექტისთვის რეგისტრაციის გაუქმება

„საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს საარჩევნო კამპანიის წარმოების რეგულაციების ისეთი დარღვევა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმოს პოლიტიკურ პარტიას. საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება სანქციად მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც პარტია ჩადის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს – ამომრჩევლის მოსყიდვას, ამ შემთხვევაშიც პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იხილავს სასამართლო. ცხადია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გაცილებით მძიმე წინასაარჩევნო დარღვევასთან, რომელიც იმავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულსაც წარმოადგენს.

გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებითაც შეიძლება გაუუქმდეს პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მისი არსებობის ან/და საქმიანობის არაკონსტიტუციურობის გამო. აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა დარღვევის სიმძიმით გავუთანაბროთ ამომრჩევლის მოსყიდვას  ან პარტიის არაკონსტიტუციურ საქმიანობას და ამ მიზეზით გავუუქმოთ პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია.

ამასთანავე, წარმოდგენილ კანონპროექტში ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია ის, თუ რას გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციაში „პოლიტიკური ლიდერის რანგში” პირის მონაწილეობა, რის გამოც საარჩევნო სუბიექტს შეიძლება საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს. ასევე, გაუგებარია ცალკეული ფიზიკური პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მთელი პარტია უმძიმესი სანქციით რატომ უნდა დაისაჯოს.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ ინიციატივებს“, – წერს „გამჭვირვალობა“.

მასალას სრულად გაეცანით ბმულზე.