TI: პოლიციის ქმედებები შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ცესკოსთან საპროტესტო აქციის დროს წყლის ჭავლის გამოყენებას და ცრემლმდენი აირის გამოყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას განცხადებით ეხმაურება.

ორგანიზაცია წერს, რომ აღნიშნული ქმედებები შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

„რამდენიმე წუთის წინ ცესკოსთან მიმდინარე აქციაზე, სადაც ადამიანების მცირე რაოდენობა იდგა, სამართალდამცველებმა სათანადო საფუძვლისა და გაფრთხილების გარეშე წყლის ჭავლი გამოიყენეს. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოყენებულ იქნა ცრემლსადენი გაზიც, თუმცა ეს ინფორმაცია შსს-მ უარყო.

პოლიციამ ხალხის გაფრთხილება მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო, რაც აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებაში უარყოფითი შეფასება მოჰყვა. პოლიციის ქმედებები, შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეშ დარღვევად შეიძლება შეფასდეს.

კანონმდებლობის მიხედვით, პოლიციას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია იძულების პროპორციული ღონისძიებების გამოყენება და ისიც იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას.

ფიზიკური ძალის ან სპეციალური საშუალებების გამოყენების წინ პოლიცია ვალდებულია გააფრთხილოს პირები და მათ მისცეს გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. თავის მხრივ, ცრემლსადენი გაზისა და წყლის ჭავლის გამოყენება დასაშვებია წესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, პოლიციელებზე ან სახელმწიფო ობიექტებზე მასობრივი და ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად.

იმ ფონზე, როდესაც გამოჩნდა კრიზისული სიტუაციიდან მოლაპარაკებებით გამოსვლის პერსპექტივა და ოპოზიციამ გარკვეული მოთხოვნების შესრულების პირობით მოლაპარაკებების დაწყებაზე მზაობა განაცხადა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ხელისუფლებამ იმოქმედოს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით.

აქციის მონაწილეებს, რომლებსაც პროტესტის გამოხატვის ლეგიტიმური საფუძველი აქვთ, უნდა მიეცეთ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა. ხელისუფლებამ ამ პროცესში უნდა იმოქმედოს კანონის სრული დაცვით. აღნიშნულ სიტუაციაში ყველას ვალდებულებაა შეინარჩუნოს სიმშვიდე და არ დაამძიმოს ისედაც კრიზისული სიტუაცია“, – აცხადებს ორგანიზაცია.