„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქონებრივ დეკლარაციას მალავს.
ორგანიზაცია განმარტავს, რომ ივანიშვილს დეკლარაციის შევსება 2024 წლის ბოლოს, იმ დროს უწევდა, როდესაც მცირე ხნით, ფორმალურად პარლამენტის წევრი იყო.
„დოკუმენტი არ იძებნება დეკლარციების ვებგვერდზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ არც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მოგვაწოდა ის.
შედარებისთვის, ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაცია, რომელიც ასევე მცირე ხნით ფორმალურად იყო პარლამენტის წევრი, ვებგვერდზე ხელმისაწვდომია. არსებობს იმის ალბათობაც, რომ ოლიგარქმა ივანიშვილმა საერთოდ არ შეავსო დეკლარაცია.
რაჟდენ კუპრაშვილი, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიების შემსრულებლის როლი შეითავსა, უფლებადამცველი ორგანიზაციებისგან უკანონოდ ითხოვს მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციას მაშინ, როცა ქონებისა და კავშირების დეკალარირებისა და ამ ინფორმაციის გასაჯაროების კანონით მკაფიოდ გაწერილ ვალდებულებას უხსნის ამ რეპრესიების დამკვეთ ივანიშვილს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ვებგვერდის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება.