TI: სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მეტი შემოწირულობა „ოცნებამ“, „ალტ-ინფომ“ და „ლელომ“ მიიღეს

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 2022 წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პარტიების შეწირულობები დათვალა.

1 944 073 ლარის შეწირულობიდან 666 000 ლარი (34%) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, მეორე ადგილზე „კონსერვატიული მოძრაობაა“ („ალტ-ინფო“) 393 611 ლარით ხოლო მესამეზე – „ლელო საქართველოსთვის“ 370 600 ლარით.

„გამჭვირვალობის“ ცნობით, მმართველი პარტიის მიმართ გაცემული შეწირულობების უმრავლესობა ბიძინა ივანიშვილთან ან მმართველ პარტიასთან დაახლოებული მსხვილი ბიზნესჯგუფების მიერ არის განხორციელებული, კერძოდ:

„ნატო ხაინდრავამ, ზურაბ გოგუამ და გოჩა ჩიკვილაძემ ერთ და იმავე დღეს ჯამში 100 000 ლარი შეწირა ქართულ ოცნებას, ეს პირები სხვადასხვა სახით დაკავშირებულნი არიან „სს ქართუ ბანკთან“ და „სს ქართუ ჯგუფთან“. ჩამოთვლილ სამ პირს წარსულში მმართველი პარტიის სასარგებლოდ 840 000 ლარამდე აქვთ შეწირული.

ერთ და იმავე დღეს შეწირეს „ქართულ ოცნებას“ ჯამში 100 000 ლარი ნოშრევან ნამორაძემ და მისმა მეუღლემ, ნინო სუთიძემ. ნამორაძე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, ის სამშენებლო ბიზნესს ეწევა. მისი სახელი ბიზნესმენ დავით კოდუას მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას, 2014 წელს, როდესაც ის სასამართლომ გირაოს გადახდის გზით გაათავისუფლა. ნამორაძეს უკავშირდება, აგრეთვე, თბილისში თაბორის მთაზე არსებული ვრცელი ტერიტორიის პრივატიზებისთვის მომზადება. ნოშრევან ნამორაძეს და ნინო სუთიძეს წარსულში „ქართული ოცნებისთვის“ 170 000 ლარი აქვთ შეწირული.

ნუგზარ დეკანოიძემ და ივანე ფარქოსაძემაც ერთ დღეს გადაწყვიტეს „ქართული ოცნებისთვის“ ჯამში 100 000 ლარის შეწირვა. ნუგზარ დეკანოიძე შპს „Geo Sand“-ში ივანე ფარქოსაძის პარტნიორის, მამუკა დეკანოიძის ბიძაშვილია, ნუგზარ დეკანოიძე აგრეთვე ბიძინა ივანიშვილის ნათესავი და საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ დირექტორია. წარსულში, შპს „Geo Sand”-მა, ივანე ფარქოსაძემ, მამუკა და ნუგზარ დეკანოიძეებმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში 545 000 ლარი შეწირეს.

მიმდინარე წლის 28 და 29 აპრილს ჯამში 150 000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“ მუხრან, თეონა და ლაშა ბაგრატიონებმა, რომლებიც ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმით დაკავშირებულნი არიან შპს „კონკორდის”, შპს „ედელვაისი-2016”-ის, შპს „ქარავან თბილისის“ მეშვეობით, მათივე სახელს უკავშირდება თბილისში მდებარე სავაჭრო ცენტრები „ქალაქის გული“ და „თერგი“. გასულ წლებში ამ ჯგუფს მმართველი პარტიის სასარგებლოდ 360 000 ლარი აქვთ გაღებული.

ზურაბ ძაგნიძემ და ირაკლი შატაკიშვილმა ერთ და იმავე დღეს ჯამურად 100 000 ლარი შეწირეს „ქართულ ოცნებას“. ისინი ა(ა)იპ „რუსთაველების“ გამგეობის წევრები არიან. ირაკლი შატაკიშვილი 2022 წლის აპრილიდან „ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატია პარლამენტში რუსთავი-გარდაბნის ოლქიდან. გარდა ამისა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ მიღებული ინფორმაციით ძაგნიძე დაკავშირებულია ბიზნეს ჯგუფთან, რომელსაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტისგან მრავალწლიანი იჯარა/აღნაგობით მიღებული აქვს ქალაქში არსებული უძრავი ქონებები. ძაგნიძეს და შატაკიშვილს „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, გასულ წლებში 165 000 ლარი აქვთ შეწირული. გარდა ამისა, შატაკიშვილის და ძაგნიძის მიერ შემოწირულების განხორციელების დღეს მმართველი პარტიის სასარგებლოდ ზუსტად იმავე რაოდენობის თანხა (50 000 ₾) გაიღო კახაბერ მჭედლიშვილმა, რომელიც კომპანია RMG-ის კორპორაციული დირექტორია. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ძაგნიძე, შატაკიშვილი და მჭედლიშვილი ერთ და იმავე დღეს წირავენ თანხას „ქართულ ოცნებას“, ასეთი შემთხვევა 2020 წლის 25 მაისსაც მოხდა, როდესაც სამივემ ჯამში 125 000 ლარი შეწირეს პარტიას.

თამაზ თამაზაშვილი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია, მან „ქართულ ოცნებას“ 10 000 ლარი შეწირა. გასულ წლებში მას 12-ჯერ აქვს მმართველი პარტიის სასარგებლო შემოწირულება გაღებული, ჯამში – 57 185 ლარი“, – ნათქვამია გამჭვირვალობის განცხადებაში.