თითქმის გაორმაგებულია სისხლისსამართლებრივი დევნა მარიხუანასთან დაკავშირებულ დანაშაულზე - EMC

ნათია ამირანაშვილი

დაახლოებით გაორმაგებულია სისხლისსამართლებრივი დევნა მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო შეძენის, შენახვის, გადაზიდვისთვის, ასევე მცენარე კანაფის კულტივირებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენისა და შენახვის შემთხვევებზე, – ამის შესახებ აღნიშნულია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მინიტორინგის ცენტრის (EMC) ანგარიშში, რომელიც საქართველოს ნარკოპოლიტიკის 2019 წლის ტენდენციებს მიმოიხილავს.

EMC-ის ანგარიშის მიხედვით, 2018 წელთან შედარებით, 2019 წლის 10 თვის მონაცემები ცხადყოფს, რომ ნარკოტიკულ დანაშაულებზე სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი გაზრდილია.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის 4591 პირის მიმართ დაიწყო. საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოების მიერ ამავე ნარკოტიკულ დანაშაულებზე, ჯამში, 3127 პირის მიმართ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 11 პირის მიმართ გამოტანილია გამამართლებელი განაჩენი. საქმეთა დარჩენილ ნაწილზე სასამართლოს მიღებული არ აქვს საბოლოო გადაწყვეტილება.

EMC-ის იურისტის გურამ იმნაძის განმარტებით, 2019 წლის 10 თვის მონაცემები უკვე აჭარბებს 2018 წლის მთლიან მონაცემენს. მისი თქმით, ამის ერთ-ერთი ახსნა შესაძლოა იყოს ის, რომ მარიხუანაზე შესაძლებელია არსებობდეს კონკრეტული მითითება.

„მარიხუანაზე საკონსტიტუციო სასამართლოსაც ჰქონდა დეკრიმინალიზაცია/ლეგალიზაციაზე გადაწყვეტილებები და აქ შეიძლება არსებობდეს კონკრეტული მითითება, რომ მის შეძენაზე ან კულტივაციაზე უფრო აქტიური იყოს პოლიცია, რათა უკონტროლო ხასიათი არ მიიღოს მარიხუანის მოხმარებამ.

სხვა ნარკოტიკებზე, რაც ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, ერთადერთი ახსნა ის მაქვს, რომ, უბრალოდ, წინა წლებში უჩვეულოდ დაბალი იყო პოლიციის მხრიდან ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენა. ეს შეიძლება, უკავშირდებოდეს იმას, რომ მაშინ რეფორმაზე მიდიოდა აქტიური მუშაობა და ხელისუფლება ფრთხილობდა, არ იყენებდა ბოლომდე ამ მექანიზმებს, მათ შორის, ნარკოტესტირების მექანიზმებს, რათა ისედაც დიდი პროტესტი კიდევ უფრო არ გაძლიერებულიყო. ამით გააჩიეს განწყობა, რომ ისედაც აღარ არის პრობლემა არკოტპოლიტიკა და რომ სისტემური რეფომა შეიძლება აღარც იყოს საჭირო“, – განაცხადა იმნაძემ.