თითქოს, სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს - ეზუგბაია

პუბლიკა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა თავისი განცხადება, იმის შესახებ, რომ 25 აპრილს გამოვლენილი ინფიცირებულების რაოდენობა მასობრივი, აგრესიული ტესტირების შედეგი იყო და იმედი გამოთქვა, რომ „შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება, ალბათ, უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი აღარ იქნება“.

ეზუგბაიას განმარტებით, ეს იყო მისი სურვილი იმის შესახებ, რომ იყოს ნაკლები აგრესიული ტესტირება, რაც იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება ზომიერია და კონტროლს ექვემდებარება.

„ეს იყო ჩემი სურვილი. არ ვიცი, რატომ იგებს ადამიანთა რაღაც ჯგუფი ამას, როგორც ფაქტს, მაგრამ მე გამოვხატე ჩემი სურვილი, რომ ქვეყანას თუ არ დასჭირდება განმეორებით და ხშირად აგრესიული ტესტირება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან დაავადების გავრცელება იქნება ზომიერი და კონტროლირებადი. მე განცხადება გავაკეთე აი ამ მოცემულობაში.

პირველი შემთხვევა, რომელიც იყო იმპორტირებული, ჩინეთიდან ჩამოფრენილი პაციენტები ჩვენს ცენტრში პირველად მოვიდნენ პირველ თებერვალს. პირველი თებერვლიდან დღემდე ჩვენ ყველანი ერთად ვართ. ამ დროიდან დაიწყო ბრძოლა ამ პრობლემის წინააღმდეგ და მთავრობა, ჯანდაცვის სამსახურები, დაავადებათა კონტროლი და ჩვენი ცენტრი ვმუშაობდით როგორც ერთი ორგანიზმი და პირველი ეტაპი, შეკავება არაჩვეულებრივად შესაშური შედეგებით დამთავრდა. სტატისტიკური მონაცემები იყო დაბალი. რატომღაც ეჭვები იქმნება ყოველთვის, რომ ეს სტატისტიკური მონაცემები გაყალბებულია, მაგრამ ასე არ არის. გაყალბება ვერაფრით შეაჩერებს კოვიდინფიცირებული პაციენტების მატებას. შეკავების პერიოდი ერთად დავამთავრეთ. როდესაც დაგვეწყო შიდა გავრცელება, სახელმწიფომ სწორი, ადეკვატური ნაბიჯები გადადგა ყველა დროზე და მოქალაქეების მაღალი პასუხისმგებლობაც თანაბარზომიერად მიჰყვებოდა ამ სიტუაციას. ჩვენთან ერთად კიდევ 9 კოვიდცენტრი ჩაერთო ამ პროცესში. შიდა გავრცელების პერიოდი გრძელდება კონტროლირებადი, ზომიერი მატებით. ეს მონაცემები არის აბსოლუტურად სწორი.

რატომ უჩნდებათ კითხვები, არ ვიცი, ტელეჟურნალისტების რაღაც ნაწილს, რომ ეს არის დამალული მონაცემები? ასე მგონია, თითქოს სურვილი აქვთ, მართლა მეტი იყოს, შთაბეჭდილება იქმნება ასეთი. არსებული მონაცემები არის სწორი და ეს არის ჩვენი ქვეყნის გამარჯვება და ერთად უნდა გვიხაროდეს ყველას. ეჭვი ნუ შეგაქვთ ამაში”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, მიზნობრივ ჯგუფებში გაფართოებული ტესტირება საჭიროა და ამას აკეთებენ კიდეც.

„სიტყვა აგრესია არ მიყვარს არანაირ მიმართებაში, არც სამედიცინო ტერმინოლოგიაში და არც არსად, მაგრამ მე გითხარით, რომ მიუხედავად ასეთი მრავლობითი (და გავაკეთე დაზუსტება აგრესიული ტესტირება), ასეთი დიდი მოცულობის ტესტირებისას რომ 25 შემთხვევა გამოვლინდება, ეს არის ძალიან ცოტა და ეს არის დიდი ბედნიერება, რომ ეს არის მიზნობრივ ჯგუფებში ჩატარებული, თქვენთვის საყვარელი სიტყვა, აგრესიული ტესტირება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში არსებული „შესაშური“ ეპიდსიტუაციის შენარჩუნება მოსახლეობის მხრიდან წესებისა და შეზღუდვების სწორ და თანმიმდევრულ დაცვაზეა დამოკიდებული.