ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობის კვლევა - ეზუგბაია 25 ახალ შემთხვევაზე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განმარტა, თუ რას უკავშირდება ის ფაქტი, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

„გუშინდელი დღე იყო, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობის კვლევა ჩატარდა ქვეყნის მასშტაბით. ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად ჩატარდა მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა, წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა ასეთი ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი აგრესიული კვლევის გარეშე ჩატარდება, ალბათ, უკვე კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ამ 25 პაციენტიდან ინფიქციურ საავადმყოფოში 4 პაციენტია მოთავსებული. ამ ოთხი პაციენტიდან კი 2 მოზარდია. სამი პაციენტი ბოლნისის შემთხვევიდანაა, ხოლო ერთი პაციენტის დაინფიცირების წყარო უცნობია და მოძიება ახლა მიმდინარეობს.