თოლორაია: ხელისუფლება ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას

პუბლიკა

ორგანიზაცია „ჩემი ხმა ევროკავშირის” წარმომადგენლის, ლონდა თოლორაიას განცხადებით, ხელისუფლებამ მათი საქმიანობის ხელშეშლის მიზნით კამპანია წამოიწყო, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკურ რეკლამებს, სადაც სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ნეგატიურად არიან წარმოჩენილები.

ის კიდევ ერთხელ აფასებს ანტიკორუფციულო ბიუროს გადაწყვეტილებას და მიუთითებს, რომ ამით „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ და მის აღმასრულებელ დირექტორს, ეკა გიგაურს ბიურომ აუკრძალა რესურსების სადამკვირვებლო მისიისთვის გამოყენება.

„ანტიკორუფციული ბიუროს კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი აქტი, როგორც გამოხატვის თავისუფლების დარღვევის აშკარა ნიმუში, ჩვენ უკვე გავასაჩივრეთ სასამართლოში, თუმცა ამ უკანონო აქტის მოქმედება გრძელდება და აბრკოლებს სადამკვირვებლო საქმიანობას.

ცალსახაა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების გამოყენებით ხელისუფლება ცდილობს სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეპუტაციის შელახვას, რესურსებზე წვდომის და გამოყენების აკრძალვას, ხოლო ორგანიზაციების ქონების დაყადაღებისა და დაჯარიმების მუქარით -სადამკვირვებლო ორგანიზაციების მუშაობის შეფერხებას”, – აღნიშნა თოლორაიამ.

მან ასევე ისაუბრა „ქართული ოცნების” წარმომადგენლის მიერ კოალიციის რამდენიმე ორგანიზაციის „არასანდო და პოლიტიკურად აქტიურ ორგანიზაციებად” დასახელებაზე, მათ შორის არიან „საქართველოს მომავლის აკადემია“, „პრევენცია პროგრესისთვის“ და „სამოქალაქო იდეა“.

თოლორაიას შეფასებით, ეს განცხადება წარმოადგენს მითითებას ანტიკორუფციული ბიუროსთვის, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიმართ გამოყენებული რეპრესიული და უკანონო პრაქტიკა გაავრცელოს სადამკვირვებლო კოალიციის სხვა წევრებზე.

მისივე განცხადებით, ცალკე აღნიშვნის ღირსია პოლიტიკური პარტიების მხრიდან, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად ქცევის მცდელობა, მათ შორის, ყველა წინასაარჩევნო პოლიტიკურ რეკლამაში ამ ორგანიზაციათა ხელმძღვანელებზე მითითება და ნეგატიურად ჩვენება.

„კერძოდ, მიგვაჩნია, რომ „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეკლამაში ჩვენი კოალიციის წევრი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირების ნეგატიურ და სიძულვილის შემცველ კონტექსტში გამოყენება არღვევს წინასაარჩევნო რეკლამის მარეგულირებელ კანონმდებლობას, არის არაეთიკური და მიზნად ისახავს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას.

მიუხედავად არაერთი საჩივრისა როგორც მედიასაშუალებების, ასევე, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მხრიდან, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, ასევე, სასამართლომ, კრიტიკული მედიასაშუალებები დააჯარიმა და არაეთიკური რეკლამების გავრცელება დაავალა. ცესკომ, ასევე, მიიჩნია, რომ მსგავსი წინასაარჩევნო რეკლამები არ არღვევს საარჩევნო კანონმდებლობას”, – აღნიშნა მან.

რაც შეეხება უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმის უფლებაზე, კოალიცია აღნიშნავს, რომ ეს უფლება შეზღუდულია და საზღვარგარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საარჩევნო სიაში აღრიცხვა გაუმჭვირვალეა.

„26 სექტემბერს ცესკომ 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბანი შექმნა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული განახლებული მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქისთვის.

საგულისხმოა, რომ მაღალი საჯარო ინტერესის მიუხედავად საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასაჯაროებს ინფორმაციას საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი სრულწლოვანი მოქალაქეების რაოდენობის შესახებ, რომელიც რამდენადმე უნდა აღემატებოდეს ცესკოსთვის მიწოდებულ ამომრჩეველთა რაოდენობას. 2024 წლის წლის 20 აგვისტოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 2024 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდა საქართველოს 67 347 მოქალაქე”, – აღნიშნავენ კოალიციაში.

ლონდა თოლორაიამ მოუწოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს გამოაქვეყნოს შემდეგი ინფორმაცია:

  • რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით;
  • საკონსულო აღრიცხვაზე მდგარი საქართველოს სრულწლოვანი მოქალაქეებიდან რამდენი ვერ მოხვდა ცესკოსთვის გადაცემულ სიაში და რა მიზეზით, მიზეზების მიხედვით ამორიცხული მოქალაქეების შესაბამისი რაოდენობით;
  • თითოეულ სახელმწიფოში საკონსულო აღრიცხვაზე მდგომი მოქალაქეთა რაოდენობა.