„თორნიკე არის ძალიან კარგი ადამიანი და პროფესიონალი. ეს თქვა თუ არა, არ მომისმენია, მაგრამ თუ თქვა, ეტყობა ვაშაძეს მოუსმინა მანამდე და გაღიზიანდა, ვაშაძემ ისეთი უზრდელობა დაუშვა პარლამენტში, რომ ეტყობა მოუსმინა და შემდეგ რეაქცია ჰქონდა”, – თორნიკე რიჟვაძის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ქართული ოცნების” კიდევ ერთი დეპუტატის ირაკლი ზარქუას შეფასებითაც, „თორნიკე არის ძალიან მაგარი მენეჯერი, ძალიან მაგარი ბიჭი, რომელსაც უყვარს აჭარა, საქართველო და ყველაფერს აკეთებს, რომ მშვიდობა შეინარჩუნოს და ამავე დროს, განავითაროს ქვეყანა”. როგორც ზარქუამაც აღნიშნა, რომ მასაც არ მოუსმენია რიჟვაძის გამონათქვამები ოპონენტების მისამართით.
„ვინც ჭორაობს, ჭორიკანაა აბა რა არის?! არა მხოლოდ აჭარაში არიან, ჩვენთანაც სხედან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები… არ მომწონს, მაგრამ რომ იტყუება და ვერ ამტკიცებს რა ჰქვია იმ ადამიანს”, – ამბობს ზარქუა.
გუშინ, 7 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და თორნიკე რიჟვაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რა დროსაც თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფლად მიმართა.
„თქვენ ხართ ჭორიკანები, ჭორიკანები, ჭორიკანები… ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ“, – თქვა რიჟვაძემ.
„სად ერეკლე და სად „ქართული ოცნება”, ფსევდოპატრიოტი კობახიძე, ეს არის რეალური სახე ამ ადამიანის და მთლიანად „ქართული ოცნების”, – ამის შესახებ კი ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.