ღარიბაშვილის კარიკატურაა, ღირსეული ხელისუფლება მას გაუშვებდა - ხერხეულიძე რიჟვაძეზე

პუბლიკა

„ღარიბაშვილის კარიკატურა“, – ასე მოიხსენია ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

მისი თქმით, ღირსეული ხელისუფლება აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, თორნიკე რიჟვაძეს გუშინ, აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადების გამო სამსახურიდან გაუშვებდა.

„მართლებიც არა ხართ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, როდესაც დღეს საუბრობთ უხეშ მიდგომაზე, უხეშ დამოკიდებულებაზე, უხეშად გამოხატულ ვერბალურ პოზიციებზე.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის ტექსტი გაქვთ ალბათ მოსმენილი, ხომ? ღირსეული ხელისუფლება ამ ადამიანს გაუშვებდა. ის არ გახლავთ ადამიანი, რომლის გაშვებასაც რაღაც პროცედურები სჭირდება. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა შეგესრულებინათ, მაგრამ ამჯობინეთ ამ ენაზე ესაუბრებოდეს თავის კოლეგებს. უბრალოდ ვერ გავიმეორებ იმ სიტყვებს, ყველამ იცით და არ მგონია, რომ სიამოვნებას გგვრიდეთ ღარიბაშვილის კარიკატურა, ცუდი გაგებით არ ვამბობ. ის ყველანაირად ცდილობს, დაემსგავსოს მას [ღარიბაშვილს], ყველა მანერით. იმდენად სასაცილო იყო. მე არ ვიცი, ის სამსახურში როგორ უნდა მივიდეს“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

გუშინ, 7 ივნისს აჭარის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლებსა და თორნიკე რიჟვაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო, რა დროსაც თორნიკე რიჟვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეურაცხმყოფლად მიმართა.

„თქვენ ხართ ჭორიკანები, ჭორიკანები, ჭორიკანები… ვერავის ვერ გადაუღუნოთ, დავაი, დაახვიეთ“, – თქვა რიჟვაძემ.