თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული – ელისაშვილი ბოკერიას პასუხობს

პუბლიკა

გუშინ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ, განაცხადა, რომ ოპოზიციასთან ერთად კოალიციური მთავრობის შექმნაზე ელისაშვილის უარი ბიძინა ივანიშვილის ინტერესებისთვის არის სასარგებლო.

ამის საპასუხოდ ალეკო ელისაშვილი facebook-გვერდზე წერს და გიგა ბოკერიას მიმართავს  – „თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ, იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელად ვართ მოსულები”.

„რაო გიგა სტამბოლის ბაზარი რო გაქვს გაჩაღებული მაჟორიტარებში ყველა შენ დაკრულზე ვერ აცეკვე და ორღობის დედაკაცივით წყევლა კრულვაზე გადახვედი ეს ამხელა „პოლიტიკოსი კაცი“?! წესიერ ხალხს გადააწყდი პოლიტიკაში, ვაჭრობა არ გამოგივიდა და მოგემტვრა კბილები? ვიცი, ვერაფრით იჯერებთ შენ და შენი ამფსონები, მარა მართლა ხალხის პრობლემები გვაწუხებს მე და ჩემ გუნდს და მართლა ამ ქვეყნის წინსვლისთვის ვართ პოლიტიკაში. ასევე მართლა ფეხებზე გვკიდია შენი და შენნაირი ცეხავიკების დალაგებული რაღაც სქემები და გარიგებები. თქვენ რაც პოლიტიკა გგონიათ იმაზე გვერევა ზუსტად გული და იმის შესაცვლელად ვართ მოსულები,“ – წერს ალეკო ელისაშვილი.

ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდგომ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრ ანა დოლიძესა და „ქართული ოცნების“ ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პლატფორმა შექმნა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის შემთხვევაში, მის პოლიტიკურ პარტიას „მოქალაქე“ ერქმევა. მისივე თქმით, იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური ერთობისგან დამოუკიდებლად მონაწილეობას გეგმავს.