დიდი ცხვირი არ არის პრობლემა, მთავარია, ფულის მოპარვაში არ ჩაყო ცხვირი უგულავასავით - ელისაშვილი

„დიდი ცხვირი არ არის პრობლემა და ვიცი რომ ძაან დიდი ცხვირი მაქვს. მთავარია, რომ ფულის მოპარვაში არ ჩაჰყო ის ცხვირი გიგი უგულავასავით. ეს არის ყველაზე მთავარი”, – ასე პასუხობს ახალი პლატფორმის ერთ-ერთი დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „რუსთავი 2-ის” ეთერში გიგი უგულავას განცხადებას.

გიგი უგულავამ დღეს განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი თბილისში 2 მაჟორიტარულ ოლქზე ვაჭრობდა და ამის გამო დატოვა ოპოზიციური გაერთიანება.

„ მისი არჩევანი არაფრით არ განსხვავდება ჩვეულებრივი ვაჭრობისგან. ღმერთმა ხელი მოუმართოს, დანარჩენი არ ვაპირებ მასზე საუბარს. უბრალოდ საწყენია, რომ საკუთარ ცხვირზე შორს ვერ იყურება ეს ადამიანი”, – განაცხადა უგულავამ.

ელისაშვილის თქმით, იგი ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციის დროს აცხადებდა, რომ მის მოძრაობას ჰქონდა 2 მაჟორიტარული ოლქის მოგების რესურსი. მისი თქმით, არანაირი ვაჭრობა მას არც ერთ პარტიასთან არ გაუმართავს.

„ჯერ ეს ერთი მდაბიობაა ადამიანის ფიზიკურობაზე რომ მიანიშნებ, მაგრამ მექრთამე უგულავასგან ასეთი საქციელი არ მიკვირს…. არავის არაფერზე არ ვევაჭრებოდი. ღმერთმა დამიფაროს გიგი უგულავას რამეზე ვევაჭრებოდე. რაოდენობებზე იყო საუბარი, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე სულ მცირე 2 ოლქს მოვიგებთ-თქო. დღეს უფრო მეტ ოლქზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ისეთ ძლიერ ხალხთან გვაქვს კონსულტაციები”, – განაცხადა ელისაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ერთობის დატოვების შემდგომ ალეკო ელისაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრ ანა დოლიძესთან და „ქართული ოცნების” ყოფილ დეპუტატ ლევან კობერიძესთან ერთად ახალი პლატფორმა შექმნა.

ელისაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკურ პარტიად რეგისტრაციის შემთხვევაში მის პოლიტიკურ პარტიას „მოქალაქე” ერქმევა. მისი თქმით, იგი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.