„თქვენი გადაწყვეტილება ანტიქალური, მუსკულიანი კაცების განმამტკიცებელია" - გოცირიძე „ოცნებას"

პუბლიკა

პარლამენტის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ „ქართული ოცნების“ წევრები გააკრიტიკა და სავალდებულო კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით მათ გადაწყვეტილებას „ანტიქალური, ანტიევროპული და მასკულინური საზოგადოების განმამტკიცებელი“ უწოდა.

„საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ორი 8 მარტი გვაქვს – 3 მარტს და 8 მარტს ვზეიმობთ ქალთა დღეს და მაშინ გვახსენდება ქალები, როცა ტორტს ან ყვავილებს მივართმევთ და მერე სუფრაზე სულ კაცები ქეიფობენ 3-შიც და 8-შიც. ქალების გათავისუფლებისთვის ეს იყო მძლავრი სტიმული და იყო იდეოლოგიური გზავნილიც. ეს ხომ ადგილობრივ თვითმმართველობებსაც ეხებოდა – 2500-მდე საკრებულოს წევრია საქართველოში, წარმოიდგინეთ ყოველი მესამე რამდენი იყო: 500-მდე ქალი გაჩნდა 2021 წელს.

მანამდე იყო რეგიონები, სადაც ქალთა წარმომადგენლობა იყო – 0. მარნეული, ახალქალაქი, მცხეთა, დედოფლისწყარო, ხონი – 2017 წლის ადგილობრივ არჩევნებში ქალთა წარმომადგენლობა იყო 0, შემდეგ არჩევნებში, მაგალითად, მარნეულში 26-დან 9 დეპუტატი იყო ქალი. თქვენ, იმის გამო, რომ კაცებს ადგილი გამოგთავისუფლებოდათ და ქალების ნაცვლად, გაუქმებული მაჟორიტარების ნაწილს ეპოვა მომავალ პარლამენტში ადგილი, ამის გამო თქვენ, ძალიან მძიმე დარტყმა მიაყენეთ ქვეყანაში ისეთ პროცესებს, რომელიც ქალთა ემანსიპაციასა და მათი უფლებების გაფართოებას ეხებოდა.

ეს გადაწყვეტილება, რაც თქვენ მიიღეთ არის ანტიქალური, ანტიევროპული, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის მასკულინური, მუსკულიანი კაცების, საზოგადოების განმამტკიცებელი, არაფერი კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და იმასთან, რომ ამ ქვეყანაში ქალი არ უნდა იყოს მხოლოდ აფორიზმებითა და სუფრული ტერმინებით შესამკობი. დედასამშობლო, დედამიწა, დედაბოძი – ეს ყველაფერი არის ლოზუნგები და სუფრული პატრიოტიზმის დონეზე. საქართველოში ქალს სჭირდება გათავისუფლება”, – განაცხადა გოცირიძემ.

„გირჩის” ინიციატივით და „ქართული ოცნების” მხარდაჭერით იგეგმება, საარჩევნო კოდექსში დაჩქარებული წესით შევიდეს ცვლილებები და გაუქმდეს ყველა ის საკანონმდებლო ნორმა, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას მოითხოვდა.