ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს წერილობით მიმართავს.
ეპისკოპოსი რელიგიური ჯგუფების მიერ გამოხატულ უკმაყოფილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, მთავრობის გადაწყვეტილება მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით დისკრიმინაციულია და უმრავლესობის პრივილეგირება მათ საზიანოდ მოხდა.
ეპისკოპოსი წერს, რომ მთელი რიგი მიზეზების გამო, მართალია, მან ხელი არ მოაწერა აღნიშნულ წერილს, თუმცა იზიარებს წერილის აზრს და მიიჩნევს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება შეიცავს დისკრიმინაციას.
„მმართველთა მიერ გაკეთებული არჩევანი უნდა ითვალისწინებდეს უპირველეს ყოვლისა მთელი საზოგადოების სიკეთეს და, პანდემიის ამ მძიმე პერიოდში, შესაძლებელია იმ შეზღუდვების დაწესების გაგება და მათზე დათანხმება, რომლებიც უკვე მიიღეთ. ეს არაა პრობლემა! ვფიქრობ, რომ არცერთი ქრისტიანული რელიგიური კონფესიისთვის სირთულეს არ წარმოადგენს საშობაო მსახურების განრიგის შეცვლა და სამთავრობო გადაწყვეტილებებთან მისადაგება. როგორც ვატყობ ყველანი სწორედ ასე იქცევიან, თუმცა მესმის, რომ მრავალთათვის (მაგალითად, ჩემი ახალგაზრდებისთვის) შობის ღამეს აქვს სრულებით განსაკუთრებული საკრალური ხასიათი და საკუთარი რწმენის აღსანიშნავად მასზე უარის თქმა, შესაძლოა არც იყოს იოლი. მესმის, რომ შესაძლოა რთული იყოს პასუხის გაცემა კითხვაზე, „ჩვენ რატომ ‘არა’ და სხვებს – ‘კი’?“. მესმის, თუმცა არა მგონია, რომ ეს იყოს პრობლემა! ის, რაც მე განსაკუთრებით დამრჩა საწყენად ისაა, რომ კიდევ ერთხელ ხელისუფლებამ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა ნაბიჯები გადაედგა ჩვენთან, უმცირესობის ჯგუფებთან, ერთად.
ოდესმე გიფიქრიათ, რა კარგი იქნებოდა შეგეკრიბეთ ყველანი ერთად და გეკითხათ ჩვენი აზრი და დახმარება გეთხოვათ ჩვენთვის, მას შემდეგ რაც თქვენ საფიქრალსა და სადარდებელს წარმოგვიდგენდით? ოდესმე გიფიქრიათ, რომ ეს იქნებოდა პატივისცემისა და რაიმედ ჩაგდების ნიშანი თითოეული კონფესიისთვის და ყველა იმ მოქალაქისათვის, ვინც მათი წევრნი არიან? ოდესმე გიფიქრიათ, რომ რელიგიურ ლიდერს აკისრია დავალება, ეძიოს საერთო სიკეთე, საზოგადოების ზრდა ყველაზე ნამდვილ ფასეულობებზე დაყრდნობით, ისევე როგორც მას, ვისაც ხელისუფლების სადავეები უპყრია? თქვენ, რა თქმა უნდა კარგად მოგეხსენებათ, რომ რელიგიური ხელისუფლება ემსახურება ხალხს ყოველი კანონის გულისა და აზრის ძიებითა და გადამოწმებით. დიახ! გულწრფელად გითხრათ, გული დამწყდა ხელიდან გაშვებული შესაძლებლობის გამო.
გული მწყდება, რომ შესაძლებელი იყო გეჩვენებინათ მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან პატივისცემა ყველასადმი, გული მწყდება, რომ მრავალმა ადამიანმა იგრძნო, რომ მოექეცით მათ, როგორც ანგარიშში არ ჩასაგდებ უმნიშვნელო უმცირესობას. ყველამ ხელიდან გავუშვით ზრდის შესაძლებლობა!!! ამ ჩემი განცდების გამოხატვით, რაც გარწმუნებთ თავისუფალია ყოველგვარი სიავისაგან, ვისურვე ოდენ მთელი მოკრძალებით დამედო ერთი აგური, რათა მეტი ყურადღებისთვის მოგვეხმო და ერთად აგვეგო ისეთი ხვალინდელი დღე, რომელიც უფრო მშვენიერი იქნებოდა და ყველას შეამჩნევდა და დააფასებდა, დისკრიმინაციისგან თავისუფალი ხვალინდელი დღე!“, – წერს ეპისკოპოსი.