თქვენზე დიდი რადიკალი, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს - კალაძე „მთავარი არხის“ ჟურნალისტს

პუბლიკა

„თქვენზე დიდი რადიკალი, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს“, – ამის შესახებ კახა კალაძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერობის კანდიდატსა და დედაქალაქის მოქმედ მერს, „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივან კახა კალაძეს ჟურნალისტი შეკითხვებს 5 ივლისის მოვლენებზე, გიორგი გახარიას წინააღმდეგ მმართველი პარტიის კამპანიასა და წინასაარჩევნო კამპანიაზე უსვამდა.

ჟურნალისტმა ეს შეკითხვები დასვა, სავარაუდოდ, მმართველი გუნდის რიგებიდან გამოსული ფაილების იმ ნაწილიდან გამომდინარე, სადაც, მედიის ცნობით, საუბარია მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანიაზე, რომ „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნოდ, სხვადასხვა მეთოდთან ერთად „დიპ ფეიკის“ გამოყენებასაც აპირებს. ამ მეთოდებს შორის აღწერილია კონკრეტული ტელევიზიების ჟურნალისტებისა და ოპოზიციის წარმომადგენლობის დისკრედიტაციის სხვადასხვა გეგმა.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა კახა კალაძეს მიმართა: „მედიაზე შეტევა ვნახეთ, 5 ივლისს სადამსჯელო ოპერაცია მოგვიწყვეთ, გახარიას „კოკაინშიკი“ ნამდვილად უწოდეთ, რაც ნამდვილად ეწერა სტრატეგიაში… თქვენ გამოიყვანეთ რადიკალები გარეთ, ევროკავშირის ოფისთან…“.

„თქვენზე დიდი რადიკალი, თქვენზე უბინძურესი ადამიანები ამ ქვეყანაში არ არსებობს. თქვენ ხართ თავი და თავი სიძულვილის, ბოროტების, თუ რაიმე ცუდი შეიძლება გაიფიქროს ადამიანმა, თქვენ ხართ ამის სახე“, – განაცხადა კალაძემ.

„მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დედაქალაქის მერს უთხრა, რომ ის მის დისკრედიტაციას ცდილობს ისე, როგორც „ქართული ოცნების“ პიარ-კამპანიის ხელმძღვანელმა ურჩია.

„იმაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა, ნახე, სად მუშაობ, მაგაზე დიდი დისკრედიტაცია რა გინდა“, – მიმართა კალაძემ ჟურნალისტს.

კახა კალაძე ამბობს, ის ვინმეს შეურაცხყოფას არ აყენებს.

„თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ ჩემს განცხადებას, რომ ვინმესთვის შეურაცხყოფა მიმეყენებინოს, ოპონენტზე…“, – განაცხადა კალაძემ.

ამ განცხადებას ჟურნალისტების რეპლიკა მოჰყვა, რომ მათ კალაძემ ცოტა ხნის წინ „ბინძურები ეძახა“.

„არა, არა, ეს არის თქვენი სატელევიზიო ეთერები, საარჩევნო კლიპები, სიძულვილის ენა, ბოროტება, ეს არის ყველაზე სიბინძურე, რაც კი შეიძლება მოიგონოს ადამიანმა, ფაქტებს გეუბნებით. მე ხომ არ ვიგონებ? ჩართეთ თქვენი ტელევიზიები და ნახეთ ის შეურაცხმყოფელი განცხადებები, ეთერები, რომელიც ეძღვნება კახა კალაძეს, ჩემს ოჯახს, ამაზე დიდი სიბინძურე რა გინდათ? ამას ხელს აწერთ და მე მეუბნებით პატიოსნებაზე? არ გრცხვენიათ მართლა?“, – განაცხადა კალაძემ.