რაზე ისაუბრეს ტრამპმა და პუტინმა სატელეფონო საუბრისას

პუბლიკა

თეთრი სახლი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ პირველ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპი და პუტინი „შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ისევე როგორც, შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტაზე ტექნიკური მოლაპარაკებებით, სრული ცეცხლის შეწყვეტითა და მუდმივი მშვიდობით”.

აქვე ვკითხულობთ, რომ აღნიშნულ  პუნქტებზე მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში.

„ორივე ლიდერი შეთანხმდნენ, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს უზარმაზარი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს ძალიან დიდ ეკონომიკურ გარიგებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას მას შემდეგ, რაც მშვიდობა მიიღწევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე გავრცელდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ კრემლის ოფიციალური განცხადებაც. 

კრემლის განცხადების თანახმად, მათ ცეცხლის სრული შეწყვეტის საკვანძო პირობად დაასახელეს უკრაინაში „ფორსირებული” მობილიზაციისა და კიევისთვის დასავლური სამხედრო დახმარების შეჩერება.

განცხადების თანახმად, საუბრის დროს ისინი შეეხნენ აშშ-ის მიერ წამოყენებული 30-დღიანი ზავის თემას.

„30-დღიანი ზავის დაწესების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივის კონტექსტში რუსეთის მხრიდან მოინიშნა რიგი არსებითი მომენტები, რომლებიც ეხება ბრძოლის ხაზზე ცეცხლის შესაძლო შეწყვეტის ქმედითი კონტროლის უზრუნველყოფას, უკრაინაში ძალდატანებითი მობილიზაციის შეჩერების აუცილებლობას და უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელახალ შეიარაღებას“. [„რადიო თავისუფლების“ თარგმანი]

კრემლის განცხადებით, „ვლადიმერ პუტინის ინფორმაციით, 19 მარტს რუსულ და უკრაინულ მხარეებს შორის ტყვეების გაცვლა განხორციელდება – 175/175-ზე. კრემლის ცნობით, გარდა ამისა, კეთილი ნების ჟესტად, უკრაინულ მხარეს გადასცემენ რუსეთის სამედიცინო დაწესებულებებში სამკურნალოდ მყოფ 23 მძიმედ დაჭრილ უკრაინელ სამხედროს“.

სატელეფონო საუბარი დაახლოებით 2 საათი გრძელდებოდა.