ტრამპი პრეზიდენტად რჩება – სენატმა იმპიჩმენტის პროცესზე ტრამპი გაამართლა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის თაობაზე კენჭისყრაზე გაამართლა. თანამდებობის დატოვებისთვის სენატის ორი მესამედის – 67 სენატორის მხარდაჭერა იყო საჭირო, სენატორთა წინასწარი პოზიციების მიხედვით, როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტი კაბინეტში დარჩება.

პირველ ბრალდებაში ტრამპი 100-დან 52-მა სენატორმა გაამართლა. ეს ბრალდება უშუალოდ ეხებოდა ტრამპის საუბარს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომლის მიხედვითაც, ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მისი მთავარი კონკურენტის, ჯო ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვდა.

53-მა სენატორმა გაამართლა პრეზიდენტი მეორე ბრალდებაში. ამ ბრალდების მიხედვით, ტრამპმა აუკრძალა თეთრი სახლის თანამშრომლებს იმპიჩმენტის პროცედურაში ჩართვა და ჩვენების მიცემა.

ერთადერთი „რესპუბლიკელი“, რომელმაც ტრამპის გადაყენებას მხარი დაუჭირა, იუტას შტატის სენატორი და პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი მიტ რომნია. სენატორმა ტრამპი პირველ ბრალდებაში დაადანაშაულა. მიტ რომნი პირველი სენატორია აშშ-ის ისტორიაში, ვინც თანაპარტიელი პრეზიდენტის წინააღმდეგ წავიდა იმპიჩმენტის კენჭისყრაში. თავის გადაწყვეტილებაზე სენატორმა კენჭიყრის დაწყებამდე სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

სენატში იმპიჩმენტის თაობაზე პროცესი ოფიციალურად 16 იანვარს მთავარი მოსამართლის ჯონ რობერტსის ფიცის დადებით დაიწყო. პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე კი 31 იანვარი იყო, როცა კონგრესის ზედა პალატამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურაზე მოწმეების გამოძახებასა და დაკითხვას მხარი არ დაუჭირა.

სენატში, სადაც უმრავლესობას „რესპუბლიკელები“ ფლობენ, მოწმეების გამოძახების მომხრე 49 სენატორი იყო, მოწინააღმდეგე კი – 51. 51 ხმის მოსაგროვებლად და პროცედურაზე მოწმეების გამოსაძახებლად „დემოკრატებს“ 4 „რესპუბლიკელი“ სენატორის ხმა სჭირდებოდათ. მათ კი მხოლოდ ორი „რესპუბლიკელის“, მიტ რომნისა და მენის შტატის სენატორის, სიუზან კოლინსის ხმები მიიღეს.

მოწმეების გამოძახებაზე უარი უკვე იმპიჩმენტის პროცესის შეწყვეტასა და სენატის მხრიდან ტრამპის მხარდაჭერაზე მიანიშნებდა.

რატომ არ დაუჭირა სენატმა მოწმეების გამოძახებას მხარი?

წარმომადგენელთა პალატაში განხილვებისას დემოკრატი კონგრესმენები ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ „რესპუბლიკელები“, რომ ტრამპი უკრაინაზე ზეწოლას ცდილობდა.

სენატში დამატებითი მოწმეების გამოძახებაზე საუბარი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც New York Times-მა დაწერა, რომ მათ ტრამპის ყოფილი მრჩევლის, ჯონ ბოლტონის გამოუქვეყნებელ მემუარებში მიაკვლიეს ამ ამბის ახალ ასპექტებს. მედიაგამოცემის მიხედვით, ბოლტონი წერდა,  უშუალოდ თვითონ როგორ შეესწრო ტრამპისა და მისი გარემოცვის მცდელობას, მოეხდინათ ზეწოლა კიევზე.

თუმცა სენატის უმრავლესობის ლიდერმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ „რესპუბლიკელებს“ არ მიაჩნდათ სწორად, წარმომადგენელთა პალატის დასკვნის შემდეგ გამოძიება ხელახლა დაეწყოთ. სენატორის თქმით, ისინი ვერ ხედავდნენ საჭიროებას, გამოეძახებინათ ახალი მოწმეები და გაეწელათ იმპიჩმენტის პროცესი, ხოლო კონგრესის ქვედა პალატის დასკვნა საკმარისი იყო ტრამპის მიმართ ბრალდების საფუძვლიანობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.

„რესპუბლიკელი“ სენატორები მიუთითებდნენ, რომ ბოლტონის გამოძახება სენატში იმპიჩმენტის პროცესს თვეობით გააჭიანურებდა, ტრამპის გუნდი კი იმუქრებოდა, რომ თუ პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მაინც წარდგებოდა კონგრესში, მაშინ მათაც ჰქონდათ მოწმეთა გრძელი სია, რომელთაც ტრამპის პოზიციის დაცვა შეეძლოთ და მათ გამოძახებასაც მოითხოვდნენ.

ამერიკული მედიის ინფორმაციით, მოწმეთა მოსმენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თავად პრეზიდენტი და სენატორებისგან მისი აზრის გათვალისწინებას მოითხოვდა.

„დემოკრატების“ მტკიცების მიუხედავად, რომ პრეზიდენტის უშუალო გარემოცვის წევრის ინფორმაცია კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას შესძენდა ტრამპის წინააღმდეგ ბრალდებას, სენატმა დამატებითი მოწმეების გამოძახებაზე უარი თქვა.

როგორ დასრულდა იმპიჩმენტის პროცესი წარმომადგენელთა პალატაში?

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს 2019 წლის 19 დეკემბერს დაუჭირა მხარი. იმპიჩმენტის გამოცხადებას წინ უძღოდა დაძაბული დებატები წარმომადგენელთა პალატაში. საბოლოოდ, ტრამპი ორივე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.

იმპიჩმენტისთვის 216 ხმა იყო საჭირო, თუმცა ტრამპის წინააღმდეგ უფრო მეტმა მისცა ხმა. პირველ ბრალდებას – ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას 230-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, 197 წინააღმდეგი იყო, ერთმა კი თავი შეიკავა. ეს ბრალდება იყო სწორედ განხილვის მთავარი თემა, რომელიც ზელენსკისთან საუბარს და უკრაინაზე ზეწოლას ეხებოდა.

მეორე ბრალდებას, რომელიც კონგრესის საქმიანობაში ხელის შეშლას ეხებოდა, 229 კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 198 წავიდა.

რატომ დაუჭირა იმპიჩმენტს მხარი წარმომადგენელთა პალატამ?

როგორც ამერიკული მედია წერდა, იმპიჩმენტის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა ხმები, ფაქტობრივად, პარტიების მიხედვით გაიყო – დემოკრატებმა იმპიჩმენტს დაუჭირეს მხარი, „რესპუბლიკელებმა“ – პირიქით.

წარმომადგენელთა პალატაში კი სენატისგან განსხვავებით უმრავლესობას დემოკრატები ფლობენ, რომლებმაც 2018 წლის არჩევნები მოიგეს.

შედეგად, ტრამპი გახდა მესამე პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, ბილ კლინტონისა და ენდრიუ ჯონსონის შემდეგ, რომელსაც კონგრესის ქვედა პალატამ იმპიჩმენტი გამოუცხადა (რიჩარდ ნიქსონმა იმპიჩმენტს თავი აარიდა და თანამდებობა თავისი ნებით დატოვა).

რის გამო დაიწყო დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი?

იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც პრესაში თეთრი სახლის უცნობი თანამშრომლის საჩივრის შესახებ მოხვდა ინფორმაცია. ამბავი დონალდ ტრამპისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პირად სატელეფონო საუბარს შეეხებოდა, 2019 წლის 25 ივლისს.

ამერიკული მედია წერდა, რომ ამ საუბრის დროს ტრამპი ზელენსკისგან დაჟინებით მოითხოვდა გამოძიების განახლებას ნავთობისა და გაზის კომპანია Burisma-ს წინააღმდეგ, რომელშიც დემოკრატი პოლიტიკოსისა და ბარაკ ობამას ვიცე-პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის შვილი მუშაობდა. ჯო ბაიდენი კი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლოა, ტრამპის ოპონენტი იყოს.

ამ ამბის შემდეგ სატელეფონო საუბრის სტენოგრამა თავად თეთრი სახლის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. საუბრისას ტრამპი ისე დაჟინებით არა, როგორც მედია წერდა, მაგრამ მაინც მოითხოვს გამოძიებას ჯო ბაიდენის წინააღმდეგ. საუბრიდან ასევე ჩანდა, რომ ტრამპის მხრიდან გამოძიების კოორდინაცია მის პირად ადვოკატს სურდა, რომელიც ზელენსკის გუნდის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა.

წარმომადგენლობით პალატაში მოსმენა 11 ოქტომბერს დაიწყო. სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელთა ნაწილის, ასევე უკრაინაში აშშ-ის ყოფილი ელჩის ჩვენებებში ტრამპის გარემოცვის მხრიდან ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიებით დაინტერესება დასტურებოდა და სამხედრო დახმარების ამ საკითხთან მიბმის ნიშნებიც ჩანდა, თუმცა, თუკი გამოძიების შედეგები „დემოკრატებისთვის“ საკმარისი იყო პრეზიდენტის თანამდებობიდან გადასაყენებლად, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენები ამბობდნენ, რომ ტრამპის საქციელი შეიძლება იყო შეუსაბამო, მაგრამ არასაკმარისი მისი თანამდებობიდან გადაყენებისთვის.