ტრამპი სასამართლომ მწერალ ე. ჯინ კეროლის სექსუალურ შევიწროებაში დამნაშავედ ცნო

პუბლიკა

ნიუ იორკის ფედერალურმა სასამართლომ, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისთვის დამნაშავედ ცნო და 2-მილიონიანი კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა ასევე საფუძვლიანად ცნეს კეროლის სარჩელი, რომელიც ტრამპს ცილისწამებაში ადანაშაულებდა და აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს კომპენსაციის სახით კიდევ 3 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრეს.

დონალდ ტრამპმა Fox News Digital-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას „წარმოდგენა არ აქვს“ ვინაა ჯინ კეროლი და სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას „სამარცხვინო“ უწოდა.

„ეს განაჩენი სამარცხვინოა. ეს ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური ნადირობის გაგრძელებაა. ჩვენ გავასაჩივრებთ. ჩვენ ძალიან ცუდად მოგვექცა კლინტონის მიერ დანიშნული მოსამართლე და [კეროლიც] კლინტონის ადამიანია”, – განაცხადა ტრამპმა.

ამ საქმის გამო დონალდ ტრამპს პატიმრობა არ ემუქრება, რადგან ჟურნალისტი მხოლოდ ფინანსურ კომპენსაციას მოითხოვდა.

ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი, ელიზაბეთ ჯინ კეროლი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.  

კეროლმა ტრამპი გაუპატიურებაში 2019 წელს დაადანაშაულა, ჯერ კიდევ მისი პრეზიდენტობის დროს, თუმცა საქმის განხილვა მხოლოდ 2023 წლის აპრილში დაიწყო. დონალდ ტრამპი ბრალდებებს უარყოფდა და ამბობდა, რომ ისინი გამოგონილია. სასამართლოში გაუპატიურების ეპიზოდი დონალდ ტრამპს არ დაუდასტურდა.