ტრამპის წარმომადგენელი: პოზიტიური დისკუსია მქონდა ომში მყოფი ქვეყნის ნაომარ და მამაც ლიდერთან

პუბლიკა

რუსეთ-უკრაინის ომის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრას X-ზე ეხმაურება:

„ხანგრძლივი და ინტენსიური დღე უკრაინის უფროს ხელმძღვანელობასთან ერთად. ვრცელი და პოზიტიური დისკუსია ვოლოდიმირ ზელენსკისთან, ომში მყოფი ქვეყნის ნაომარ და მამაც ლიდერთან და მის ეროვნული უსაფრთხოების ნიჭიერ გუნდთან ერთად“.

ზელენსკი და შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი ერთმანეთს ხუთშაბათს შეხვდნენ კიევში. შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაკეთებულა, ერთობლივი პრესკონფერენცია აშშ-ის მოთხოვნით გაუქმდა. ზელენსკიმ X-ზე დაწერა, რომ ჰქონდა დეტალური და პროდუქტიული საუბარი კელოგთან სამხედრო ტყვეებზე, უსაფრთოხების ეფექტურ გარანტიებზე, რომლებიც იქნება ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი და ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე.