გამოცემა Reuters ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ შესაძლოა, უკრაინასთან წიაღისეულის შესახებ გამარტივებული ხელშეკრულების დადება სცადოს და ასე შეთანხმდეს კიევთან დაჩქარებულად, დეტალურ პირობებზე მოლაპარაკება კი შემდეგ დაიწყოს.
გასულ კვირას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უარი თქვა აშშ-ის წინადადებაზე, რომლითაც ვაშინგტონი უკრაინის მნიშვნელოვანი წიაღისეულის 50%-ს მიიღებდა.
Reuters-ის წყაროები იუწყებიან, რომ ამ პროცესებმა ცხადყო, რომ სრული შეთანხმების მიღწევას დრო დასჭირდება. ასევე წყაროს ინფორმაციით, ტრამპისთვის მნიშვნელოვანია, რომ მას შეუძლია, ამერიკელ ხალხს საჯაროდ ანიშნოს, რომ აშშ გაცემულ დახმარებას ინაზღაურებს.
არ არის ცნობილი აშშ-ის პირვანდელი წინადადების დეტალები ითვალისწინებდა თუ არა კომპენსაციას წარსულში გაგზავნილი იარაღებისთვის თუ სამომავლო დახმარებებისთვის, თუმცა ზელენსკის განცხადებით, წინადადებაში მეტი ყურადღება იყო აშშ-ის ინტერესებზე და კიევისთვის უსაფრთხოების გარანტიები არ ჩანდა.
„არ შემიძლია, ჩვენი ქვეყანა გავყიდო“, – უთქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
18 თებერვალს დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და თქვა, რომ მას რუსეთთან შეთანხმება ადრე უნდა გაეფორმებინა. ტრამპი ამ კომენტარით გამოეხმაურა ზელენსკის და უკრაინის მხარის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ საუდის არაბეთში გამართულ რუსეთ-აშშ-ის შეხვედრაზე უკრაინის დელეგაცია არ იყო წარმოდგენილი.
მას ასევე ჰკითხეს რუსეთის სურვილზე უკრაინაში არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა გააჟღერა კრემლის ნარატივი, რომ ზელენსკის რეიტინგი „4%-მდეა დაცემული”. Politico ბოლო კვლევაზე დაყრდნობით ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ზელენსკის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, გასულ თვეს მას 52%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
ტრამპის ამ განცხადებებზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. ზელენსკის ამ განცხადების შემდეგ ტრამპმა ახალი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან თქვა, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსულ ომს დაასრულებს, თუმცა პარალელურად ვოლოდიმირ ზელენსკის ესხმის თავს და ამტკიცებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა აშშ-ის მილიარდობით დოლარი „დაახარჯვინა”.
დამატებით, მან ზელენსკის უწოდა „დიქტატორი”, რომელიც არჩევნების ჩატარებაზე უარს ამბობს და აცხადებს, რომ მან სწრაფად უნდა იმოქმედოს, რადგან მალე „ქვეყანა აღარ დარჩება”.