ტრამპს სურს მდიდარი უცხოელებისთვის $5 მლნ ღირებულების „ოქროს ბარათები" გამოსცეს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ რუსმა ოლიგარქებმა, შესაძლოა, ისარგებლონ „ოქროს ბარათით”, რომელიც უცხოელებს უმარტივებს ამერიკის მოქალაქეობის მიღების პროცედურებს და ქვეყანაში ცხოვრება/მუშაობის უფლებას აძლევს.

„მე ვიცნობ რამდენიმე რუს ოლიგარქს, რომლებიც ძალიან კარგი ხალხია. ისინი არ არიან ისეთი მდიდრები, როგორც ადრე… ვფიქრობ, 5 მილიონ აშშ დოლარს გასწვდებიან”, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ადმინისტრაციის ახალი ინიციატივაა, რომ მდიდარი უცხოელებისთვის სხვადასხვა პროცედურის გამარტივების მიზნით, გამოსცენ ე.წ. ოქროს ბარათები, რომელთა ღირებულება 5 მილიონი აშშ დოლარი იქნება. ტრამპის თქმით, ამ ვიზით მათ მიენიჭებათ მწვანე ბარათის ფარგლებში არსებული პრივილეგიები, ასევე ეს იქნება „გზა მოქალაქეობისკენ”.

„ზოგადად რომ ვთქვათ, ეს იქნება ხალხისთვის, რომელთაც აქვთ ფული და რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს”, – თქვა მან.