ტრანსმა ქალებმა ელიზბარაშვილის წინააღმდეგ შსს-ს მიმართეს, გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

ტრანსგენდერი ქალები აცხადებენ, რომ ძაღლების თავშესაფრის მეპატრონის, თამაზ ელიზბარაშვილის ავტომობილიდან გაურკვეველი ტიპის იარაღით ესროლეს, შემდეგ კი თავად ელიზბარაშვილმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ტრანსგენდერ ქალთა თავშეყრის ადგილას გაჩერდა ავტომობილი, რომელიც იმ წუთას ვერ ვიცანით და ავტომობილის უკანა სალონიდან იარაღით ისროლეს, თუმცა არ ვიცი, რა იარაღი იყო, როგორი იყო, მაგრამ ასეთი თავდასხმები ძალიან გახშირდა. როდესაც აღნიშნულ ავტომობილს დავეწიეთ, წარწერა ვიცანით და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ძაღლების თავშესაფრის მანქანა. საჭესთან კი თამაზ ელიზბარაშვილი დავინახე“, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდარზე ტრანსგენდერმა ქალებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს. როგორც უწყებაში „პუბლიკასთან“ აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

ელიზბარაშვილმა 16 ნოემბერს გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, სადაც ტრანსფობიურ ლექსიკას იყენებს. როგორც ელიზბარაშვილი ჰყვება, სიტყვიერი შეურაცხყოფა თავდაპირველად ტრანსგენდერმა ქალებმა მიაყენეს.

„მე რომ დავდივარ. ძაღლებს რომ ვაგროვებ, ხშირად ჩემი პატარა ბავშვები დამყავს. ბიჭმა ეს გინება რომ გაიგო, სათამაშო პლასტმასის ფისტოლეტი ეჭირა ხელში და ის მიუშვირა და გაუტკაცუნა. ამაზე დაემართათ პანიკა და ბავშვს ესროლეს ფეხსაცმელი“, – აცხადებს ელიზბარაშვილი.