ტრანსპორტირების ხარჯს საორგანიზაციო ჯგუფი დაფარავს – „ოცნება“ 14 დეკემბერს შეკრებას მართავს

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა და საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად არჩევასთან დაკავშირებული კვირეულის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კვირეულის დასკვნითი ღონისძიება გიმართება 14 დეკემბერს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ადამიანები რეგიონებიდან, მათ ტრანსპორტირებას კი საორგანიზაციო ჯგუფი უზრუნველყოფს.

„გვსურს, წინასწარ გაცნობოთ, რომ 14 დეკემბერს, შაბათს ჩვენი ორგანიზებით მასშტაბური შეკრება გაიმართება, რაც ევროსაბჭოს თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ კვირეულს შეაჯამებს. ამ დღის აღსანიშნავად შემოგვიერთდებიან თანაგუნდელები და თანატოლები რეგიონებიდან. ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს უზრუნველყოფს საორგანიზაციო ჯგუფი. ბუნებრივია, ნებისმიერ მოქალაქეს, ვისთვისაც აღნიშნული მოვლენა მნიშვნელოვანია და მხარს უჭერს „ქართულ ოცნებასა“ და მის ევროპულ კურსს, შეუძლია, შემოგვიერთდეს“, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ე.წ. ახალგაზრდული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი პირველი ღონისძიება 2 დეკემბერს ორბელიანის მოედანზე გაიმართა, სადაც რეგიონებიდან სტუდენტები თვითმმართველობების ორგანიზებით ჩამოიყვანეს. მოგვიანებით კი ამ კონცერტზე ჩამოსული ადამიანების ნაწილმა „ქართული ოცნების“ ოფისთან  მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებულ აქციაზე გადაინაცვლა. „ქართული ოცნების“ ოფისთან ხელისუფლების მხარდამჭერები „სირცხვილიას“ აქტივისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციაზე მისულ ადამიანებს. პოლიციას აქციაზე არავინ დაუკავებია.

LB loan image desktop LB loan image mobile