„თბილისის ავტობუსების სატრანზიტო დერეფანი“ – ამ სახელწოდებით თბილისის მერიამ პრეზენტაცია გამართა, რომელიც თბილისის ტრანსპორტის პოლიტიკასა და იმ გეგმებს ეხებოდა, რომლის განხორციელებასაც თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს. თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის განცხადებით, ამ რეფორმას წინ უძღვოდა კვლევითი სამუშაოები, რომლებიც ფრანგულმა კომპანია „სისტრამ“ ჩაატარა.
ავტობუსების გაორმაგებული ტევადობა; სწრაფი და უსაფრთხო გადაადგილება; შემცირებული მოლოდინის დრო 7/15 წუთი, შემცირებული გამონაბოლქვი, თანაბრად ქუჩა ყველასთვის – ეს არის ის ძირითადი მიზნები, რის მისაღწევადაც თბილისის მერიის წარმომადგენლებმა კვლევების საფუძველზე შემუშავებული გეგმა საზოგადოებას წარუდგინეს.
„ჩვენი გეგმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაიფარება თბილისის ყველა უბანი და მოქალაქეებს ექნება თანაბარი წვდომა საზოგადოებრივ ტრანსპორტზე და ისინი აღარ იქნებიან ავტომობილებზე დამოკიდებულნი. გარდა იმისა, რომ დაფარული იქნება მთელი თბილისი, მოლოდინის დრო შემცირდება, რაც საშუალო იქნება 7-15 წუთი, ეს მიიღწევა იმით, რომ ავტობუსები თავიანთ ზოლში ივლიან და მათი სიჩქარე იქნება პრაქტიკულად გაორმაგებული“, – განაცხადა პრეზენტაციისას თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ.
მაია ბითაძის თქმით, ის ისნტრუმენტები, რომლებითაც დასახული მიზნების მიღწევა იქნება შესაძლებელი შედგება სამი ძირითადი საფეხურისგან.
მათ შორისაა ჭკვიანი მართვის სისტემის დანერგვა/ჭკვიანი შუქნიშნები. რითიც შესაძლებელი გახდება, რომ შუქნიშნებმა ერთმანეთი დაინახონ და ნაკადები ავტომატურად გაატარონ.
„მაგ: საცობი, რომელიც რუსთაველზე წარმოიქმნება, მოსკოვის პროსპექტზე შუქნიშანმა უნდა დაინახოს და ფაზები გადააწყოს“,- თქვა მან.
ბითაძის განცხადებით, მეორე საფეხური შეეხება ავტობუსების რაოდენობას. მისი თქმით, 12-მეტრიანი ავტობუსების ერთი ნაწილი გაზაფხულზე ჩამოვა თბილისში, რის შემდეგაც დაიწყება 18-მეტრიანი ავტობუსების ჩამოყვანა, რომლებსაც ერთდროულად 150-160 ადამიანის გადაყვანა შეეძლება.
მესამე საფეხური კი არის ქუჩების დიზაინი, ჭავჭავაძის ქუჩის მაგალითის მიხედვით, სადაც დაიხაზება ავტობუსის ზოლები, თუმცა პრეზენტაციისას არ დასახელებულა ქუჩები, სადაც ჭავჭავაძის ქუჩის მსგავსად ავტობუსის ზოლები მოეწყობა.
„ბევრი შეკითხვა ისმევა: რატომ გადაადგილდებიან ავტობუსები შუაში? რატომ გადაადგილდებიან მოძრაობის საწინააღმდეგოდ? იმიტომ გადაადგილდებიან, რომ ჭავჭავაძეს აქვს ძალიან ბევრი მკვეთი ქუჩა და შესაბამისად თითოეული ჩამოხვევა არის დაკარგული 1-2 წუთი ავტობუსისთვის, რომელიც ვერ მივა თავის დროზე დანიშნულების ადგილას“,- განაცხადა ბითაძემ.
მაია ბითაძის თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი დღეს არის ქაოსური, ხაზები არის დუბლირებული.
„მარტივად რომ ავხსნა, კიკეთში შეიძლება ერთი ავტობუსი დადიოდეს, ან საერთოდ არ დადიოდეს, ხოლო რუსთაველზე შეიძლება დადიოდეს 6, ე.წ. მარშუტკა, 7 ავტობუსი, ისინი ერთმანეთს ასწრებენ, მეტროც გადის, ქსელი არის დუბლირებული“,- თქვა მან.
მერის მოადგილემ ასევე ისაუბრა, როგორ მოხდება გადატვირთული და დუბლირებილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის ოპტიმიზაცია. მისი თქმით, ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები მთავარი გამზირებისა და უფრო პატარა ქუჩების მიხედვით გადანაწილდება, ისე, რომ ისინი მცირე მონაკვეთზე კვეთდნენ ერთმანეთს.
- 10 ძირითადი დერეფანი (TBT lines) არის თბილისის ძირითადი გამზირები, რომლებზეც ივლიან 12- და 18-მეტრიანი ავტობუსები.
- 44 საქალაქო, მთავარი დერეფნის მკვებავ ხაზებზე (city lines), საიდანაც ადამიანებს გადასხდომა მოუწევთ ივლიან 8-10-12-მეტრიანი ავტობუსები და სამარშუტო ტაქსები.
- 185 საუბნო ხაზებს, რომლებიც ასევე კვებავენ 10 ძირითად მთავარ დერეფანს, მეტწილად მოემსახურებიან სამარშუტო ტაქსები.
10 ძირითადი დერეფანია:
I დერეფანი – ანა პოლიტკოვსკაიას ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა;
II დერეფანი – უნივერსიტეტის ქუჩა, ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, მოსკოვის გამზირი;
III დერეფანი – თამარაშვილის ქუჩა, ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან გამზირი, მოსკოვის გამზირი;
IV დერეფანი – ჭავჭავაძის გამზირი, თამარ მეფის გამზირი, დადიანის ქუჩა, ხიზანიშვილის ქუჩა;
V დერეფანი – ვაჟა-ფშაველას გამზირი, პეკინის გამზირი, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი;
VI დერეფანი – უნივერსიტეტის ქუჩა, რუსთაველის გამზირი, ქეთევან დედოფლის გამზირი, ჯავახეთის ქუჩა, კუპრაძის ქუჩა;
VII დერეფანი – ხიზანიშვილის ქუჩა, გურამიშვილის გამზირი, წერეთლის გამზირი, რუსთაველის გამზირი, გორგასლის ქუჩა, ჯავახეთის ქუჩა;
VIII დერეფანი – დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, წერეთლის გამზირი, სადგურის მოედანი;
IX დერეფანი – დემეტრე თავდადებულის ქუჩა, მირიან მეფის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, უნივერსიტეტის ქუჩა;
X დერეფანი – ხიზანიშვილის ქუჩა, ლუბლიანას ქუჩა, მარშალ გელოვანის გამზირი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, ქავთარაძის ქუჩა, უნივერსიტეტის ქუჩა.