ტრენინგების საქმეზე გამომცემელი გვანცა ჯობავა და მსახიობი თინათინ ლაღიძე გამოიკითხნენ

პუბლიკა

საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ტრენინგების საქმის ფარგლებში მსაიხობი თინათინ ლაღიძე და გამომცემელი გვანცა ჯობავა გამოიკითხნენ.

ისინი USAID-ის მიერ დაფინანსებულ იმ ტრენინგს ესწრებოდნენ, რომელიც არაძალადობრივი მეთოდებით წინააღმდეგობას ეხებოდა, სუსი კი ამტკიცებს, რომ „სახელმწიფო გადატრიალება იგეგმებოდა”.

მსახიობი თინათინ ლაღიძე ამბობს, რომ მთლიანი პროცესი არის აბსურდული.

„ეს საქმე დასრულდება ჩვენი „ქართული კინო საფრთხეშია”-ს გამარჯვებით. ეს პროცესი მთლიანად არის აბსურდი”, – თქვა თინათინ ლაღიძემ.

ტრენინგების საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. გამოკითხვაზე დაბარებული პირები, ადვოკატები იმ შეკითხვეზე, რომელსაც გამოძიების ფარგლებში უსვამენ, გაუთქმელობის პირობის გამო ვერ საუბრობენ. ადვოკატი გიორგი ტაბატაძე პროკურატურას საქმისთვის გრიფით საიდუმლოს მოხსნას სთხოვს.

„ეს არის პროპაგანდისტული საქმე, არ გვაქვს უფლება ვისაუბროთ საქმის დეტალებზე. ჩვენ ამ საკითხზე პროკურატურას ვთხოვთ მოხსნან გრიფით საიდუმლო, რომ მოგვეცეს შესაძლებლობა ვისაუბროთ დასმულ შეკითხვებზე და გაცემულ პასუხებზე”. – თქვა უფლებადამცველმა.

USAID-ის ორგანიზებით 26-29 სექტემბერს გაიმართა ტრენინგი წინააღმდეგოების არაძალადობრივი გზების შესახებ. სუსი ირწმუნება, რომ ტრენინგის მონაწილეებს „ქვეყნის ჩამოშლა“ ასწავლეს.

სუსმა უკვე გამოჰკითხა ორგანიზაცია CANVAS საქართველოს დირექტორი გიორგი მელაძე, თანადამფუძნებელი ნინი გოგიბერიძე და ორგანიზაციის სამი წევრი სერბეთიდან. სუსმა ასევე გამოჰკითხა USAID-ის საქართველოს ოფისის თანამშრომელი, ანა წურწუმია-ზურაბაშვილი, ფოტოგრაფი ვახო ქარელი, არტისტული კოლექტივის – „ბულიონის“ წევრი, ნატალია ვასაძე, დოკუმენტური კინოს ასოციაციის (DOCA) თანამშრომელი მარიამ ჩუტკერაშვილი, რეჟისორი გიორგი სავანელი და პროდიუსერი თიკო ნადირაშვილი.