თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 600-მდე პროფესორ-მასწავლებელი და სტუდენტი რექტორ ჯაბა სამუშიას მიმართავს მოთხოვნით, მიაწოდოს მათ წერილობითი განმარტება იმ პროცესისა და საფუძვლების შესახებ, რომლის ფარგლებშიც მოხდა გადაწყვეტილების შეთანხმება თსუ-ისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე.
ისინი ასევე მოითხოვენ, შეჩერდეს უნივერსიტეტის გაერთიანების პროცესი, როგორც უნივერსიტეტის ავტონომიის შემლახველი პრაქტიკა და დაიწყოს ფართო, ღია და ინკლუზიური დისკუსია განათლების სისტემაში დაანონსებულ ე.წ. „რეფორმასთან“ დაკავშირებით, აკადემიური პერსონალის, მოწვეული ლექტორებისა და სტუდენტების სრულფასოვანი მონაწილეობით.
რექტორის მისამართით შედგენილი წერილის შესახებ განცხადება სოციოლოგიის პროფესორმა იაგო კაჭკაჭიშვილმა თსუ-ის ეზოში გააკეთა.
„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამოთქვამენ არა უბრალოდ ღრმა შეშფოთებას, არამედ მტკიცე პროტესტს თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის დაანონსებულ გაერთიანებასთან დაკავშირებით და მიიჩნევენ, რომ ამ გაერთიანებას არ გააჩნია არც სამართლებრივი და არც შინაარსობრივი და კონცეპტუალური საფუძველი. ეს არის სრულიად ხელოვნური გაერთიანება, რომელიც არც ერთ სასწავლებელს არ წაადგება აკადემიური მიზნების მიღწევის თვალსაზრისით“, – თქვა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
მისი განცხადებით, წერილი, რომელიც რექტორს გაეგზავნება, საპროტესტო განცხადებაა, რომელზე ხელმოწერაც გრძელდება.
„ამით ჩვენ გვინდა, გამოვხატოთ საფუძვლიანი და ღრმა პროტესტი ასეთი გაუაზრებელი, დაუფიქრებელი და მავნე გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ვნებს საქართველოში საუნივერსიტეტო ცხოვრების განვითარებას“, – განაცხადა კაჭკაჭიშვილმა.
29 იანვარს „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ პარტიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
ამ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება როგორც თსუ-ის, ისე სტუ-ის ლექტორებისა და სტუდენტების ნაწილი. მეორე დღეა, მიმდინარეობს ამ გადაწყვეტილების საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები.