თსუ-ის ეთიკის კომისია იაგო კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომზე დასკვნას განმარტავს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეთიკის კომისია ეხმაურება თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის იაგო კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომზე მიღებულ დასკვნას. კომისიის განცხადებას კომისიის  ერთ-ერთი წევრი ზვიად აბაშიძე ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ ეთიკის კომისიის დასკვნით, იაგო კაჭკაჭიშვილმა „აკადემიური კეთილსინდისიერება დაარღვია (კომისიის გადაწყვეტილება ვრცლად წაიკითხეთ ბმულზე).

გთავაზობთ ეთიკის კომისიის განმარტებას:

„გვსურს კომენტარი გავაკეთოთ ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციალურ (და არა მარტო სოციალურ) მედიაში ატეხილ აჟიოტაჟზე. იმედია, ნათელს მოვფენთ ვითარებას, თუმცა აქვე ვაცხადებთ, რომ როგორც აქამდე, არც ახლა არავისთან პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ. აქამდე ჩვენი დუმილი უპასუხობასა და პოზიციის არქონას არ ნიშნავს. ეს უფრო თავშეკავება იყო, რათა ჩვენთვის პატივსაცემ ადამიანებთან უხერხულ დისკუსიაში არ შევსულიყავით, მაგრამ, როგორც იტყვიან მეტის მოთმენა უკვე აღარ შეიძლება.

რადგან ასეა, თავს ნებას მივცემთ და თსუ-ის რეგულაციებს შეგახსენებთ: უნივერსიტეტის ეთიკის კომისიაში მონაწილეები თავისი ნებით არ ერთიანდებიან, მათ არსებული სიიდან ირჩევს უნივერსიტეტი (კორპორაციული ეთიკის მიხედვით, თუ თქვენ ხართ უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, არ გაქვთ უფლება, უარი თქვათ წევრობაზე).

კომისიას მოეთხოვებოდა შემოსული განცხადების საფუძველზე პასუხი გაეცა მხოლოდ ორ კითხვაზე:

1. იყო თუ არა ე. წ. „თვითპლაგიატის“ ფაქტი?

2. იყო თუ არა დისერტაცია/სახელმძღვანელო კომპილაცია?

საკითხი 1 – ე.წ. „თვითპლაგიატი“. შემოსულ განცხადებაში ერთი მხარე ადანაშაულებდა მეორეს, რომ დისერტაცია და გამოცემული სახელმძღვანელო ერთმანეთის იდენტურია ისე, რომ არ არის მათში მინიშნება ამ საკითხზე და რომ ეს არის აკადემიური გადაცდომა. ბ-ნ იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებაში პირდაპირ არის მინიშნებული, რომ ეს მართლაც ასეა, რომ წიგნი დისერტაციის მოდიფიკაციას წარმოადგენს და დისერტაცია და სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, ერთმანეთის იდენტურია, მცირეოდენი განსხვავებით.

აქედან გამომდინარე, კომისიამ უბრალოდ დაადასტურა ის, რაც ისედაც ცხადი იყო განსაკუთრებული განხილვის გარეშე. ამავე დროს, აღნიშნა კიდეც, რომ წიგნში ამ ყველაფრის მითითება მეტი აკადემიური კეთილსინდისიერება იქნებოდა. სწორედ ამას ნიშნავს დასკვნის ბოლო ნაწილში „აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა“, რომელიც შესაძლო ბევრისთვის „სადამსჯელოდ“ მოსჩანდეს, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

ამასთანავე, მოგეხსენებათ, რომ ამ ტიპის ე. წ. „თვითპლაგიატის“ თაობაზე არ არსებობს არავითარი რეგულაცია და წესი. შესაბამისად, შეუძლებელია მისი ბოროტი განზრახვით გამოყენება.

ბ-ნი იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომის დაკნინება აზრად არავის მოგვსვლია! დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი არ ემსახურება სოციოლოგიური აზრის განთვითარებას. ამას ვერსად ვნახავთ!

ნაშრომების შინაარსობრივ ნაწილის განხილვაში არც შევსულვართ, ჩვენ არ ვართ სოციოლოგები და არ იყო ეს ჩვენი მიზანი. ამას, წესით, დარგობრივი კომისია აკეთებს საჭიროების შემთხვევაში.

საკითხი 2 – იყო თუ არა ნაშრომი კომპილაცია? დასკვნაში არსად წერია, რომ ნაშრომი კომპილაციაა, დასკვნაში წერია, ის შეიცვას კომპილაციის ნიშნებს (და ხაზი გასმულია სახელმძღვანელოდ გადაკეთებაზე), როგორც დედამიწაზე არსებული ყველა თეორიული დისერტაცია და მით უმეტეს სახელმძღვანელო. ამაში უცხო და საჩოთირო არაფერია.

კომისიამ პასუხი გასცა ამ ორ კითხვას. კომისია არ არის გადაწყვეტილებების მიმღები ორგანო. მან შექმნა შუალედური დოკუმენტი, (რომლიც, რატომღაც, გაუგებარი გზებით, ჩუმად მოხვდა მედიაში მანამ, ვიდრე ის აკადემიური საბჭოს განხილვაზე გავიდოდა).

ყველაზე მთავარი, რომელსაც, სამწუხაროდ, არავინ აქცევს სათანადო ყურადღებას არის ის, რომ კომისია დასკვნის საბოლოო ნაწილში მიმართავს აკადემიურ საბჭოს, რომ 20 წლის წინანდელი ნაშრომის შესახებ მსჯელობების პრეცენდენტს ნუ დაუშვებს. აი, სწორედ ეს გახლავთ ეთიკის კომისიის დასკვნის მთავარი პათოსი!

სამწუხაროდ, დასკვნის ეს უმნიშვნელოვანესი მხარე საჯარო განხილვებიდან უსამართლოდ სადღაც გაქრა!

დაბოლოს, ვიტყვით იმას, რომ ეს დასკვნა არ დაწერილა იმ მიზნით, რომ ვინმეს საწინააღმდეგოდ ყოფილიყო მიმართული და, მით უფრო, ამის საფუძველზე თსუ-ს კონტრაქტი შეეწყვიტა ვინმესთვის. ამის დასტური კი სწორედ დასკვნის ეს ბოლო ნაწილია.

აქედან გამომდინარე, ვთხოვთ, დაინტერესებულ საზოგადოებას, გაიაზროს, თუ რა დოკუმენტია სინამდვილეში შექმნილი და რომ ამ თითქოსდა მოკლე დოკუმენტის შექმნას, კომისიამ 4 თვე მოანდომა, რომელიც ერთ თვეში იყო შესაძლებელი დამთავრებულიყო. ამის მიზეზი კი სწორედ ის გახლდათ, რომ იგი არ ყოფილიყო ავი ზრახვებისთვის გამოყენებული და მისით არავის ესარგებლა!

ვინც ჩვენ პიროვნულად გვიცნობს, მან კარგად იცის, რომ ჩვენგან ვერც ჯალათი და ვერც უსამართლობის ქომაგი ვერ და არ გამოვა ვერასდროს. საკუთარი განვლილი ცხოვრების ისტორია ამის თქმის სრულ მორალურ უფლებას გვაძლევს.

ზოგადად, საუნივერსიტეტო საქმე უნივერსიტეტის კედლებში უნდა წყდებოდეს. სოციალური მედია არ გახლავთ ამისათვის მართებული არეალი. სწორედ ეს განაპირობებდა ჩვენს თავშეკავებას, რადგან არაეთიკურად მივიჩნიეთ საკითხის ამგვარი საჯარო განხილვა.

ყველას მადლობას ვუხდით, ვინც მოახერხა თავშეკავება ჩვენი ლანძღვა-გინებისგან სწორედ ჩვენი და უპირველესად, საკუთარი თავის პატივისცემისა და ღირსების გამო. მათაც მადლობა ვინც პატივს გვცემდა, მაგრამ გარკვეულმა ეიფორიამ აიყოლია და ზოგჯერ უკადრებელიც ათქმევინა. დარწმუნებულები ვართ, მათ ეს ცხელ გულზე გააკეთეს, რისი მიზეზიც საქმეში მათი ბოლომდე ჩაუხედაობა იყო, თუმცა სურვილის შემთხვევაში წინ არაფერი ეღობებოდათ!”, – წერია ეთიკის კომისიის განცხადებაში.