ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად – კაჭკაჭიშვილი

პუბლიკა

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი facebook-ზე ეხმაურება თსუ-ის ეთიკის კომისიის დასკვნას, რომელშიც საუბარია, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილმა აკადემიური კეთილსინდისიერება დაარღვია”.

საუბარია 2020 წლის 13 აპრილს შექმნილ ეთიკის კომისიის დასკვნაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ კომისიას განსახილველად და შესაფასებლად ჰქონდა ორი საკითხი, დაედგინა: 1. ფიქსირდება თუ არა თვითპლაგიატის ფაქტი იაგო კაჭკაჭიშვილის სადისერტაციო ნაშრომისა და 2001 წელს გამოცემული მისი წიგნის („სოციალური მოქმედების თეორიები“) შემთხვევაში და 2. არის თუ არა იაგო კაჭკაჭიშვილის მიერ 2001 წელს დაცული სადოქტორო დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა ავტორების ნაშრომების კომპილაცია.

პლაგიატის საკითხთან დაკავშირებით კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ: 

ბატონი იაგო კაჭკაჭიშვილის ნაშრომი სახელწოდებით „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც 2001 წელს იქნა წარმოდგენილი ავტორის მიერ სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად და მისივე წიგნი სახელწოდებით „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც 2001 წელს არის გამოცემული, ფაქტობრივად იდენტურია შინაარსობრივი თვალსაზრისით (ანტიპლაგიატის სისტემების შემოქმედების შედეგად დადასტურებულია Turnitin – ჯამური მსგავსების მაჩვენებელი 77%, UGKUND – დადგენილია 85% მსგავსება).

„განურჩევლად იმისა, რომ 2001 წელს ჯერ სახელმძღვანელო შეიქმნა და მერე იქნა წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი თუ პირიქით, არც ერთ მათგანში არ არის მითითებული, რომ მეორე მათგანი პირველზე დაყრდნობით შეიქმნა, რაც თვითპლაგიატის თავიდან აცილების შესაძლებლობა იქნებოდა“, – წერია დასკვნაში.

კომპილაციის საკითხი

წარმოდგენილი სადისერტაციო ნაშრომი, ავტორის მითითებითა და მინიჭებული კოდის მიხედვით, შესრულებულია თეორიული სოციოლოგიის დარგში. ავტორს განხილული აქვს სხვა ავტორთა ნაშრომები, რაც სადისერტაციო ნაშრომის დიდ ნაწილს მოიცავს. ავტორის მიერ დასახელებული სიახლეები, მაგალითად, ნაშრომში განხილული თეორიების სისტემური ანალიზი და კონკრეტული თეორიების მიმოხილვა, ასევე აღნიშნულია სადისერტაციო ნაშრომის წიგნად გამოქვეყნებული ვერსიისთვის მინიჭებული სახელმძღვანელოს სტატუსიდან გამომდინარე შეიცავს კომპილაციის ნიშნებს.

დასკვნა

ეთიკის კომისიის დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ „ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, კაჭკაჭიშვილის მხრიდან ფიქსირდება აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევა. „აქვე აღვნიშნავთ, რომ თითქმის 20 წლის წინ წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის ამ კუთხით განხილვა და შემდგომი ქმედებების განხორციელება არ არის სასურველი პრეცედენტი. მიგვაჩნია, რომ ამ დასკვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე აკადემიურმა საბჭომ უნდა გააანალიზოს შესაძლებელი შედეგები”.

კომისიის წევრები: კომისიის თავმჯდომარე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ლილი ხეჩუაშვილი. წევრები:  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ზვიად აბაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ფირცხალავა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ქეთევან ხუციშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ნატალია ბასილაია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი სალომე დუნდუა. კომისიის მდივანი – იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი მახარობლიშვილი;

აღნიშნულთან დაკავშირებით იაგო კაჭკაჭიშვილი წერს, რომ მას შემდეგ, რაც, თსუ-ის რექტორის აშკარა პლაგიატთან დაკავშირებით ხმამაღლა გამოხატა პროტესტი, რექტორმა მიერ წინააღმდეგ შურისძიების რამდენიმე სერია მოაწყო და ის აღნიშნულს ანგარიშსწორებად აფასებს. 

„პუბლიკა“ დაუკავშირდა თსუ-ის ადმინისტრაციას. უნივერსიტეტში ამბობენ, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ, სანამ აკადემიური საბჭო არ განიხილავს კომისიის დასკვნას.

მანამდე კი გთავაზობთ კაჭკაჭიშვილის facebook-სტატუსს:

„[შურისძიების ყველა სერიას] არ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს, ამჯერად ვიტყვი ამ სერიების ბოლო ეტაპზე: რექტორის ბრძანებით, თსუ-ში შეიქმნა ეთიკის კომისია, რომელსაც ჩემი სადოქტორო დისერტაციის (დავიცავი 2001 წელს) შესწავლა დაევალა.

კომისია შეიქმნა საჩივრის საფუძველზე, რომელიც უნივერსიტეტში ამ წლის დასაწყისში შევიდა. ვინ არის მომჩივანი? ვინნე დათო ნადირაძე, რომელიც არც სოციალური მეცნიერებების წარმომადგენელია, არც – დოქტორის ხარისხის მქონე და არც – თსუ-ის თანამშრომელი. სამაგიეროდ, იყო (შეიძლება, ახლაც არის) გია შარვაშიძის მეუღლის ორგანიზაციის თანამშრომელი და მასთან (ოჯახთან) დაახლოებული პირი. ანუ, რბილად რომ ვთქვათ, იკვეთება ინტერესთა კონფლიქტის ნიშნები.

ეთიკის კომისიამ თითქმის ოთხი (!) თვე იმუშავა და რამდენიმე დღის წინ დაწერა დასკვნა, სადაც წერია, რომ „იაგო კაჭკაჭიშვილს უფიქსირდება მეცნიერული კეთილსინდისიერების დარღვევა“.

ახლა ვნახოთ, რაში მდგომარეობს ამ ბრალდების არსი:

1. 2001 წლის იანვარში დავიცავი სადოქტორო დისერტაცია და, ამავე წელს, დაიბეჭდა ჩემი წიგნი „სოციალური მოქმედების თეორიები“, რომელიც არის დამხმარე სახელმძღვანელო მაგისტრანტებისთვის. ანუ, ჩემივე დისერტაცია წიგნად გამოვეცი, თუმცა, დამხმარე სახელმძღვანელოსთვის დამახასიათებელი მოდიფიკაციით, რაც გამოიხატა თავების შეჯამებით, დავალებების აღწერით და ა.შ. ცვლილების მიუხედავად, ბუნებრივია, წიგნმა გაიმეორა დისერტაციის არსებითი ნაწილი (85%). კომისიამ ჩათვალა, რომ ეს არის ავტოპლაგიატი, რადგან წიგნში არ მაქვს მითითებული, რომ ის ჩემივე დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი (თუმცა, დისერტაციაში შავით თეთრზე წერია, რომ ის შეიძლება გამოადგეთ მაგისტრანტებს და დოქტორამტებს სწავლის პროცესში, რაც ასეც ხდება უკვე თითქმის 20 წელია). 2001 წელს საქართველოს აკადემიური სივრცე და არც ერთი ფორმალური რეგულაცია არ იცნობდა „ავტოპლაგიატის“ ცნებას და არც მე მომსვლია თავში, წიგნში ჩამეწერა, რომ ის დისერტაციის საფუძველზეა დაწერილი. დღემდე ავტოპლაგიატის საკითხი საკმაოდ სადებატოა და ერთ-ერთი განმარტების თანახმად, თუ გამოუქვეყნებელი ნაშრომის გამოქვეყნება ხდება, ეს არ შეიძლება, შესაბამისი მითითების გარეშე, ჩაითვალოს გადაცდომად (მოგეხსენებათ, დისერტაცია ხელნაწერის უფლებით სარგებლობს და ის ოფიციალურად გამოქვეყნებულ დოკუმენტად არ ითვლება). ხვდებით ხომ ვითარების აბსურდულობას? რექტორმა სხვისი დაწერილი ნაშრომი პირწმინდად მიითვისა და პლაგიატი არ ჩამიდენიაო, ამტკიცებს და მე ჩემივე დისერტაციის გამოქვეყნება მეთვლება მეცნიერულ არაკეთილსინდისიერებად.

2. ეთიკის კომისიის დასკვნაში წერია, რომ დისერტაცია შეიცავს კომპილაციის ნიშნებს, ანუ სხვა ავტორთა მოსაზრებების შეჯერებას. აქაც სრულ არაადეკვატურობასთან გვაქვს საქმე: ვინ არიან ეს „სხვა ავტორები“? მაქს ვებერი, ტალკოტ პარსონსი, ჯორჯ მიდი, ჰერბერტ ბლუმერი, ენტონი გიდენსი და ა.შ., რომლებიც სოციალური მოქმედების თეორიების კლასიკოსები და თანამედროვე ავტორები არიან. ჩემი დისერტაცია („სოციალური მოქმედების თეორიები“) შესრულებული იყო თეორიული სოციოლოგიის სფეროში და როგორ შემეძლო ზემოაღნიშნულ მეცნიერთა თეორიების განხილვის გარეშე დამეწერა ნაშრომი? ანუ, კომისია ჩემგამ ითხოვს, რომ მე თავად უნდა ვყოფილიყავი სოციალური მოქმედების ორიგინალური თეორიის შემქმნელი? და ესეც რომ ყოფილიყო, სხვა თეორიები არ უნდა განმეხილა? ჩემი დისერტაცია მონოგრაფიაა იმ თვალაზრისით, რომ საქართელოში პირველად მოვუყარე თავი და კრიტიკულად განვიხილე თეორიები და ავტორები, რომელთა შესახებაც ჩემამდე საქართველოში ერთი წინადადებაც არ დაწერილა არათუ დისერტაციის, არამედ, სამეცნიერო სტატიის სახით. ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, რომ ედუარდ კოდუამ (რომელიც ქართული სოციოლოგიის მეტრი იყო), ჩემს ნაშრომს უწოდა ახალი სიტყვა საქართველოს სოციალურ მეცნიერებებში და ეს თავის რეცენზიაშიც ჩაწერა. სწორედ ამ ნაშრომის საფუძველზე, 35 წლის ასაკში, გავხდი სოციოლოგიის მეცნიერებათა პირველი დოქტორი საქართველოში

აი, ამ ორი თითიდან გამოწოვილი ბრალდების გამო, კომისიამ ჩათვალა, რომ მე მეცნიერულად არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი. აქვს ახლა ამას სხვა სახელი, „ანგარიშსწორების“ გარდა?

კიდევ ერთი: ეთიკის კომისია, ჩვეულებრივ, ატარებს ინტერვიუებს როგორც მომჩივანთან, ისე ბრალდებულთან. მუშაობის თითქმის 4 თვის მანძილზე, კომისიას ჩემთან ინტრვიუ არ ჩაუტარებია.

(აქვე დავძენ, რომ კომისიის ზოგიერთმა წევრმა ისეთი მონანიებისმაგვარი მესიჯები მომწერეს, რომ იკვეთება მათზე ზეწოლა. ეს მესიჯები შენახული მაქვს და მათი გასაჯაროების დროც დადგება).

ამასობაში, ორი დღის წინ, სტუდია „მონიტორის“ სიუჟეტის მეშვეობით აღმოვაჩინე, რომ ცნობილი 34%-იანი პლაგიატის გარდა, გია შარვაშიძეს ჩემი კვლევიდან 14 ინფორმაციულ-ანალიტიკური ცხრილი მიუთვისებია და თავის დისერტაციაში უცვლელად გადაუტანია, ავტორის (ანუ, ჩემი) მითითების გარეშე. რა არის ეს, თუ არა სრულიად სამწუხარო აკადემიური განუკითხობა თსუ-ში რექტორის დირიჟორობით?

ლაშა ბუღაძეს აქვს კარგი რომანი „პატარა ქვეყანა“, მე დავამატებდი – პატარა ადამიანების ქვეყანა!”, – წერს კაჭკაჭიშვილი.

LB loan image desktop LB loan image mobile