ჩვენ პლაგიატი ვერ დავადგინეთ – თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს ხელმძღვანელი

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, იაგო კაჭკაჭიშვილი ინფორმაციას ავრცელებს, რომ უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა.

როგორც კაჭკაჭიშვილი facebook-პოსტში წერს, გუშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში დადასტურებულია პლაგიატი ნაშრომის 34%-ის მოცულობით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა თსუ-ის რექტორის დისერტაცია ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turniitin) შეამოწმა. საგულისხმოა რომ იმავე პროგრამაში შეამოწმეს აღნიშნული დისერტაცია თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს წევრებმაც. თსუ-ის შედეგების მიხედვით, სხვა ტექსტებთან თანხვედრა სადისერტაციო ნაშრომში მხოლოდ 8%  იყო და თსუ-ის სადისერტაციო საბჭომ პლაგიატი არ დაადგინდა.

როგორ მოხდა, რომ ერთმა და იმავე პროგრამამ რექტორის 15 წლის წინანდელ დისერტაციაში პლაგიატის არსებობაზე სხვადასხვა შედეგი აჩვენა და რა შეისწავლა თსუ-ის სადისერტაციო საბჭომ –  შეკითხვებს თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავჯდომარემ, ქეთევან ხუციშვილმა დღეს ჟურნალისტებთან უპასუხა.

მისი თქმით, როცა მედიაში [ამ თემაზე მასალა სტუდია “მონიტორმა” მოამზადა] გავრცელდა ინფორმაცია თსუ-ის რექტორის სადისერტაციო ნაშრომში შესაძლო პლაგიატის არსებობაზე, თსუ-ის სადისერტაციო საბჭო ამ საკითხით დაინტერესდა და ნაშრომი გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში, რომელიც ერასმუსის პროგრამის ფარგლებში დაინერგა უნივერსიტეტებში. პროგრამამ 8%-იანი თანხვედრა აჩვენა სხვა ტექსტებთან, რის შემდეგაც სპეციალისტების ჯგუფმა შეისწავლა ტექსტის ეს ნაწილი და დაადგინა, რომ ის პლაგიატად არ შეიძლება მიჩნეულიყო.

„ეს პროგრამა როგორ მუშაობს? – ეს არის თახვედრის ჩვენება და მერე იმას ვერანაირი მანქანა და ტექნიკა ვერ დაადგენს რა ტიპის თანხვედრაა. შეიძლება, პირდაპირი ციტირება იყოს და პირდაპირი თანხვედრა, როგორც ციტატის. მერე სპეციალისტებმა უნდა ნახონ, რა ტიპის თანხვედრაა.

ის 8%, რასაც აჩვენებდა პროგრამა, არანაირად არ შეიძლებოდა, მიგვეჩნია პლაგიატად იმ მიზეზების გამო, რაზეც ერთხელ უკვე განვაცხადე, რადგან აქ იყო მოხმობილი ტექსტი საკანონმდებლო დადგენილებიდან და ამავე დროს ტექსტში იყო მითითებული, რომ ეს იყო დადგენილება და იყო დასახლებული ავტორები, ვინც იმუშავა ამ დადგენილებაზე და რომ შემდეგ ეს პარლამენტმა მიიღო. მადლობაც არის მიძღვნილი ამ ჯგუფისთვის, ვინც იმუშავა. მართალია, ეს ბიბილიოგრაფიაში არ იყო ასახული, მაგრამ ამის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება ყოფილიყო, მათ შორის ტექნიკური შეცდომა. თუკი ტექსტშია, მაშინ რა უდგას წინ მითითებას? ასე რომ, ასეთი დაშვებაც შეიძლება. არის მეორე მიდგომაც – იურისტები აცხადებენ, რომ დოკუმენტური ტიპის ტექსტების მოხმობა შეიძლება ბიბლიოგრაფიის გარეშე პირდაპირ ტექსტში თუ არის თქმული, რა ტექსტზეა საუბარი.

რაც შეეხება მეორე პროცენტს, უბრალოდ ძალიან გაოცებული ვარ, რომ ერთსა და იმავე ტექსტზე ერთმა და იმავე პროგრამამ სხვადასხვა შედეგი მოგვცა. რა გითხრათ? ჩვენ მივიღეთ 8%-იანი  დასკვნა და ეს 8% გადავამოწმეთ და მეც მიკვირს, როგორ შეიძლება სხვადასხვა პროცენტი აჩვენოს“, – განაცხადა თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ.

ქეთევან ხუციშვილის თქმით, გიორგი შარაშიძემ სადისერტაციო ნაშრომში საკანონმდებლო დადგენილება გამოიყენა და, მისი განმარტებით, ასეთ დროს ბიბლიოგრაფიაში მითითება საჭირო არაა. მისივე თქმით, თსუ-ის დეფინიციის მიხედვით, პლაგიატია სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისება, თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს დასკვნით კი, დადგენილების ნაშრომში გამოყენება არ მიიჩნევა სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მითვისებად, რადგან, ხუციშვილის შეფასებით, ეს არის დოკუმენტი, რომელიც საკუთრების უფლების მიღმაა.

„ადამიანის შემოქმედებაა ყველაფერი და ჩვენ რომ რაღაცას ვაკეთებთ, თუნდაც ხელით ვქმნით მატერიალურ არტეფაქტს, ინტელექტუალური უნარები იქაც იდება და ეს  ყველგან არის. ვინც იმუშავა, იმ ჯგუფმაც გაწია შრომა, მაგრამ ამ შრომის შედეგად მიღებული დადგენილება აღარავის ინტელექტუალური საკუთრება არაა. აქ მითითების წესზეა დავა. სპეციალისტთა ჯგუფმა მივიჩნიეთ, რომ ნაშრომში მითითებულია დოკუმენტი. ჩვენ დავადგინეთ, რომ ეს პლაგიატი არაა. აქ ერთი რამეც არის საგულისხმო – როცა ეს დისერტაცია დაიცვეს, მაშინ სხვა წესები მოქმედებდა, მათ შორის, აკადემიური წერისა და მითითების. მაშინ საერთოდ არ მიიჩნეოდა პლაგიატის ნაირსახეობად ავტოპლაგიატი. რომ გადახედოთ მაშინ დაცულ დისერტაციებს, მაშინ ყველა პლაგიატია, თუ დღევანდელ წესებს გავავრცელებთ“, – ამბობს ქეთევან ხუციშვილი.

მისივე თქმით, გიორგი შარვაშიძემ დისერტაცია დაიცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, მაგრამ მისი სადისერტაციო ნაშრომის განხილვის სამართალმემკვიდრედ ილიას სახელმწიფო უნივესრიტეტს ვერ მოვიაზრებთ. ქეთევან ხუციშვილი განმარტავს, რომ დისერტაცია ჩაიბარა სწავლულთა საბჭომ, რომელიც შემდეგ წლებში გაუქმდა და სამართალმემკვიდრე არ ჰყავს. ამიტომ, მისი თქმით, ლეგიტიმურია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატის შესაძლო არსებობის შესახებ იმსჯელოს თსუ-ის სადისერტაციო საბჭომ.

თსუ-ში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დისერტაციის ხელახალ შემოწმებას არ აპირებენ, რადგან „ამ ეტაპზე ამის საჭიროება არაა“.

LB loan image desktop LB loan image mobile