„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის” წევრმა კომპანიამ, Reformerfitness-მა ბიზნესსუბიექტებისთვის საჯარო პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„ქართულმა ოცნებამ“ 2026 წლის 4 მარტს მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 20 000 ლარით დაჯარიმდება მეწარმე იურიდიული პირი საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობისთვის, რომელიც არ არის დაკავშირებული მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან. განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება როგორც ამ იურიდიულ პირს, ასევე დარღვევაზე პასუხისმგებელ შესაბამის ფიზიკურ პირს.
საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მოთხოვნაა აღნიშნული სადავო ნორმების სრულად არაკონსტიტუციურად ცნობა და გაუქმება.
ბიზნესასოციაცია მიიჩნევს, რომ ამ კანონით ბიზნესს გამოხატვის თავისუფლება ეზღუდება და ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს.
„სამართლებრივი დავის მიზანია ბიზნესსექტორის ფუნდამენტური უფლებების – გამოხატვის თავისუფლების, თავისუფალი მეწარმეობისა და კერძო სექტორის დამოუკიდებელი და თავისუფალი ხმის – დაცვა.
მიგვაჩნია, რომ ბიზნესს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავისუფლად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, დაიცვას თავისი ინტერესები და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ დისკუსიებში ყოველგვარი ზეწოლისა და შეზღუდვის გარეშე. […]
ასოციაცია და მოსარჩელე მხარე მიიჩნევენ, რომ აღნიშნული კანონი ბიზნესის მიმართ მიზანმიმართულ შეზღუდვას წარმოადგენს, რადგან იგი ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, ეწინააღმდეგება მეწარმეობის თავისუფლების კონსტიტუციურ პრინციპს, შეიცავს ბუნდოვან და ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას და კერძო სექტორს საჯარო დისკუსიებში მონაწილეობისგან ფაქტობრივად გამორიცხავს. შედეგად, ზიანდება როგორც თავისუფალი ბაზრის, ისე დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური პრინციპები.
საკონსტიტუციო სარჩელის მთავარი მოთხოვნაა აღნიშნული სადავო ნორმების სრულად არაკონსტიტუციურად ცნობა და გაუქმება.
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია” , ახლაც და მომავალშიც, შეეცდება გამოიყენოს ქვეყანაში არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი, რათა ხელისუფლებებმა ვერ შეძლონ პირდაპირი ან შეფარული გზებით ბიზნეს სუბიექტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ისინი ხელოვნურად მოწყვიტონ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.
ჩვენი წევრი კომპანიის, „რეფორმერ ფიტნესის” სამართლებრივი ბრძოლა არის თითოეული ქართული საწარმოსა თუ მეწარმის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ჩვენ სრულად ვართ და ვიქნებით ჩართული პროცესში და ვიმედოვნებთ რომ დაწყებულ საქმეს წარმატებით მივიყვანთ სწორ და სამართლიან დასასრულამდე. ჩვენ გვსურს დავიცვათ ბიზნესის უფლება – ჰქონდეს საკუთარი ხმა ქვეყნის განვითარებაში და ეს უფლება დარჩეს ხელშეუხებელი“, – ნათქვმია ბიზნესასოციაციის განცხადებაში.
„რეფორმერფიტნესი“ აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ინტერპრეტაციის ფართო დიაპაზონი, ბუნდოვანება და ლეგიტიმური მიზნის დაუსაბუთებლობა სამართალდამცავ სისტემას აძლევს შეუზღუდავ ბერკეტს, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტის მიმართ გაატაროს სადამსჯელო ღონისძიებები და იმოქმედოს შერჩევითად, საკუთარი შეხედულებისამებრ, ანგარიშსწორების მიზნით.
„ეს ყოველივე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც კონსტიტუციით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს, ისე მკვეთრად გააუარესებს საერთო ბიზნესგარემოს და ავნებს სახელმწიფოს. […]
ცხადია, რა დროც არ უნდა დასჭირდეს სარჩელის განხილვას ან როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული სასამართლოს მიერ, მე არ ვაპირებ მივმართო თვითცენზურას. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ეს პროცესი ისტორიას შემოვუნახოთ“, – ნათქვმია „რეფორმერფიტნესის“ ხელმძღვანელის, გიორგი ფუტკარაძის განცხადებაში.
რ