თსუ-ის რექტორად ისევ გია შარვაშიძე აირჩიეს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ისევ გიორგი შარვაშიძე აირჩიეს. მან აკადემიური საბჭოს წევრთა 32 ხმა მიიღო. რექტორის არჩევნებში სულ 3 კანდიდატი მონაწილეობა – გიორგი ბარამიძე, მოქმედი რექტორი გიორგი შარვაშიძე და ცირა ბარამიძე. გიორგი ბარამიძემ 1 ხმა მიიღო, ცირა ბარამიძემ – 1 ხმა,  3 ბიულეტენი კი გაბათილდა. აკადემიური საბჭოს 38 წევრიდან კენჭისყრაში მონაწილეობდა 37 წევრი. ხმის მიცემაში მონაწილეობა არ მიუღია მოქმედ რექტორს, გია შარვაშიძეს.

დღეს რექტორობის კანდიდატმა, გიორგი ბარამიძემ, ბოიკოტის ნიშნად, თავისი კანდიდატურა მოხსნა, თუმცა, პროცედურულად, კენჭისყრაში მაინც მონაწილეობდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, კახაბერ ლორიამ განაცხადა, აკადემიურ საბჭოს უკვე წარუდგინეს შემაჯამებელი ოქმი და საბჭომ რამდენიმე წუთით წინ ცნო გიორგი შარვაშიძის უფლებამოსილება, როგორც რექტორის, მომავალი 4 წლის განმავლობაში.

არჩევნების შედეგები ძალაში შედის 2020 წლის 24 სექტემბერს, მოქმედი რექტორის უფლებამოსილების ამოწურვის თარიღიდან.


მოქმედი რექტორი გია შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში შესაძლო პლაგიატის თემაზე „თავისუფლების მონიტორმა“ გადაცემა მოამზადა.

გადაცემის მიხედვით, შერვაშიძემ 15 წლის წინ მომზადებულ სადისერტაციო ნაშრომში ბროშურა უცვლელად გადაიტანა.

21 იანვარს კი იაგო კაჭკაჭიშვილმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნა გაავრცელა, რომლის თანახმად, უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დასკვნის მიხედვით, გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ მიერ გამოცემული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი და ის სადისერტაციო ნაშრომის 34%-ს წარმოადგენს.

თსუ-ის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით კი,   გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომში სხვა ტექსტებთან თანხვედრა მხოლოდ 8% იყო და თსუ-ის სადისერტაციო საბჭომ პლაგიატი არ დაადგინა.