თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, იაგო კაჭკაჭიშვილი ინფორმაციას ავრცელებს, რომ უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს სადისერტაციო ნაშრომზე პლაგიატი დაუდასტურდა.
კაჭკაჭიშვილი facebook-პოსტში წერს, რომ გუშინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან მიიღო ოფიციალური წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში დადასტურებულია პლაგიატი ნაშრომის 34%-ის მოცულობით.
„პუბლიკა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ უნივერსიტეტში განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებენ.
კაჭკაჭიშვილი აღნიშნული წერილიდან დასკვნას აქვეყნებს: „გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას.“
კაჭკაჭიშვილის განმარტებით, შარვაშიძემ დისერტაცია დაიცვა სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომლის სამართალმემკვიდრე დღეს ილიას უნივერსიტეტია, ამდენად, მისი შეფასებით, ლეგიტიმურია, რომ ეს საკითხი განიხილა იმ უნივერსიტეტმა, რომელშიც დისერტაცია შესრულდა.
„სხვა მიზეზიც მაქვს, რატომაც მივმართე ილიას უნივერსიტეტს: თსუ რექტორისგან მანიპულაციების მეტს არაფერს ველოდი; და, სამწუხაროდ, ასეც მოხდა: რექტორმა, ცალკეული პროფესორების მონაწილეობით, შეთხზა ასეთი აბსურდული ვარიანტი: თავისი დისერტაცია გაატარა ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turniitin) ისე, რომ ამავე პროგრამაში, შედარების მიზნით, არ შეუტანია ბროშურა, რომლის ტექსტიც მან თავის დისერტაციაში უცვლელად გადაიტანა და რომლის ავტორი თავად არ არის! ცხადია, რომ ასეთი მანიპულაციის შედეგად პროგრამა პლაგიატს ვერ აღმოაჩენდა. თსუ რექტორმაც აკადემიურ საბჭოზე სასწრაფოდ გაიტანა საკითხი მისი უცოდველობის შესახებ. დიახ, ველოდებოდი თსუ რეაქციას და როდესაც დავრწმუნდი, რომ ეს სამარცხვინო ფაქტი რექტორის კულუარულ-მანიპულატორული ძალისხმევით მიიჩქმალა, მივმართე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, როგორც ლეგიტიმურ დაწესებულებას“, – წერს კაჭკაჭიშვილი.
თსუ-ის რექტორის, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში შესაძლო პლაგიატის შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე გადაცემა „თავისუფლების მონიტორმა“ მოამზადა.
სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ „თავისუფლების მონიტორმა“ მოიძია დოკუმენტები, რომლებიც ექსპერტების შეფასებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს, გიორგი შარვაშიძეს პლაგიატში ამხელს. მასალაში ნათქვამია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში „სიტყვა-სიტყვით არის გადატანილი 2002 წელს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით გამოცემული დოკუმენტი, — 40 გვერდი — ოღონდ ისე, რომ წყარო მითითებული არ არის“. აღნიშნულ სიუჟეტში გიორგი შარვაშიძე პლაგიატს უარყოფდა.
https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/2650826058298408/