თსუ-მა „სირცხვილიას“ მონაწილეობით საჯარო ლექციისთვის აუდიტორია არ დაგვითმო – „სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ“

პუბლიკა

მოძრაობა „სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ“ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გუშინ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში შეიტანეს განცხადება აუდიტორიის გამოყოფის შესახებ, რათა ჩაეტარებინათ საჯარო ლექცია სამოქალაქო აქტივიზმის თემაზე და მიეწვიათ სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები.

მათი ინფორმაციით, დღეს უნივერსიტეტიდან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ მათი მოთხოვნა აუდიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, რადგან უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ მათი პოლიტიკა პარტიული ჯგუფებისთვის უნივერსიტეტის სივრცის დათმობას კრძალავს.

„მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განვუმარტე, რომ „სირცხვილია“ არ არის პარტიული პოლიტიკური ჯგუფი, არამედ სამოქალაქო მოძრაობაა, პასუხი იყო, რომ უნივერსიტეტი არავის უშლის სამოქალაქო აქტივიზმს უნივერსიტეტის გარეთ. სიამაყით ამბობდა, რომ თსუ-ს ბევრი სამოქალაქო აქტივისტი სტუდენტი ჰყავს.

თსუ-ის პიარის წარმომადგენელმა, რომელიც დაგვიკავშირდა განცხადებასთან დაკავშირებით, თქვა რომ უნივერსიტეტის სივრცე მხოლოდ საგანმანათლებლო აქტივობებისთვის შეიძლება იქნას გამოყენებული. იმის შემდეგ, რაც ავუხსენით, რომ ეს შეხვედრა სრულიად საგანმანათლებლო მიზნებით იყო, პასუხად მივიღეთ: „ვიცით ვინც არიან „სირცხვილია“, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გავრცელებულ ინფორმაციაში ასევე ნათქვამია, რომ ეს არის მეორე შემთხვევა, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა მათ ღონისძიების გამართვაში ხელი შეუშალა. მათივე ცნობით, პირველი შემთხვევა 25 ნოემბერს მოხდა, როცა უნივერსიტეტის ეზოში მიმდინარე აქციიდან მოულოდნელად გაქრა ხმის გამაძლიერებლები და აპარატურა, რომელიც მოძრაობამ უნივერსიტეტიდან ითხოვა. მათივე განმარტებით, აქცია 3 დაკავებული სტუდენტის მხარდასაჭერად გაიმართა.

თსუ-ის პოზიცია 

„პუბლიკა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაუკავშირდა. თსუ-ის მედიასთან ურთიერთობის სამსახურმა უნივერსიტეტის პოზიცია წერილობით მოგვაწოდა, რასაც უცვლელად გთავაზობთ.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წლებია ძალიან მკაცრად იცავს წესს, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიებს, მათთან დაკავშირებულ თუ ასოცირებულ ორგანიზაციებს, ასევე პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილე ჯგუფებს ეზღუდებათ ჩვენს სივრცეში შეხვედრების ორგანიზება. ეს არის ის წესი, რამაც ბევრი გაუგებრობისგან იხსნა თსუ არაერთხელ და ამჯერადაც არ გვინდა ამ პრინციპის დარღვევა. ვერცერთ შემთხვევას ვერ დაასახელებთ, როცა სახელისუფლებო ან ოპოზიური პარტიების ან მათთან მოაზრებული ჯგუფების წარმომადგენლებმა გამართეს თსუ-ში შეხვედრა. აქ საუბარია მხოლოდ თსუ-ს სივრცეში შეხვედრის ორგანიზებაზე, რაც შეეხება ზოგადად სამოქალაქო აქტიურობას და პოზიციის დაფიქსირებას, ამ თვალსაზრისით, თსუ სტუდენტები და პროფესორები ნამდვილად გამოირჩევიან.”