„არა 2 მაისს“ – 16 აპრილს სტუდენტებმა თსუ-ში ამ სასწავლო სემესტრში აუდიტორიებში სწავლის განახლება გააპროტესტეს. სტუდენტები სწავლის ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელების მოთხოვნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 17:00 საათზე შეიკრიბნენ, აქციაზე ონლაინ ჩართეს ის სტუდენტებიც, რომლებიც რეგიონებში ცხოვრობენ და თბილისში ახლა დაბრუნება უჭირთ.
სტუდენტები ამბობენ, რომ ეკონომიკური მდგომარეობის გამო სემესტრის ბოლომდე, მხოლოდ 2 თვით თბილისში საცხოვრებლად გადმოსვლა და ბინის ქირაობა სტუდენტთა ნაწილისთვის პრობლემურია, ამიტომ ისინი ითხოვენ მიმდინარე სემესტრში სწავლა კვლავ ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელდეს, სექტემბრიდან კი განახლდეს სრულად სააუდიტორიო სწავლება.
სტუდენტები ამბობენ, რომ თსუ-ში 24 000 სტუდენტიდან 9 600 რეგიონიდანაა. რომელთა ნახევარმა ამ მოთხოვნას აქტიურად დაუჭირა მხარი.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კი განმარტავენ, რომ უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი 7 მარტიდან ჰიბრიდული ფორმატით განახლდა. თუმცა, სრული სააუდიტორიო სწავლება განათლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი გადაწყვეტილებაა.
თსუ-ში განმარტავენ, რომ 2 მაისიდან სრულად სააუდიტორიო სწავლების განახლებასთან დაკავშირებით ინფორმაცია სტუდენტებს მიეწოდათ 18 თებერვალს. შესაბამისად, 2 თვეზე მეტი დრო მიეცათ სტუდენტებს სასწავლო პროცესისთვის მოსამზადებლად.